„მანჩესტერ იუნაიტედს”, რომელმაც გუშინ, ევროლიგის მეოთხედფინალური შეხვედრის დამატებით დროში, ბრუნო ფერნანდეშის პენალტით „კოპენჰაგენს” 1:0 მოუგო, ჯეიდონ სანჩოს ყიდვის იმედი არ დაუკარგავს. მეორე მხრივ, ინგლისური კლუბი უკმაყოფილოა იმ თანხით, რომელსაც სანჩო ხელფასად ითხოვს. მანჩესტერელებს არც ის მოსწონთ, რომ „დორტმუნდმა” მათთან პირდაპირი მოლაპარაკება არ ისურვა და სატრანსფერო თანხაზე ვაჭრობისთვის აგენტი დანიშნა.

„იუნაიტედს” სურს, რომ ბუნდესლიგის მეორეადგილოსანს ერთბაშად 70 მილიონ გირვანქაზე მეტი არ გადაუხადოს, თუმცა წარმატების შემთხვევაში არ გამორიცხავს, რომ ჯამური სატრანსფერო თანხა 110 მილიონამდე გაიზრდება.

თავის მხრივ, „დორტმუნდს” მიაჩნია, რომ ამ ფასად 20 წლის ინგლისელის დათმობა შეცდომაა.

„ოლდ ტრეფორდზე” ფიქრობდნენ, რომ ჯეიდონ სანჩოს კვირაში 220 ათას გირვანქას დაუნიშნავდნენ, თუმცა ფეხბურთელი 250 ათასს ითხოვს. როგორც ჩანს, მისი აგენტებისთვის ეს პრინციპული საკითხია.

და ნუ იფიქრებთ, რომ ამ 250 ათასში სანჩოს აგენტების ინტერესიც არის გათვალისწინებული. მათ, თავიანთთვის ცალკე ფული მოუთხოვიათ. „მანჩესტერ იუნაიტედს” კი ჩილელი ალექსის სანჩესის ტრანსფერმა ჭკუა ასწავლა და მაშინდელი შეცდომების გამეორება აღარ უნდა.

გეხსომებათ, რომ სანჩესმა „იუნაიტედს” კვირაში 505 ათასი გირვანქა დაანიშნინა, მაგრამ კარგად ვეღარ ითამაშა და კლუბს სახელფასო ვალდებულება შერჩა დასაფარი.

სანჩესისა და „იუნაიტედის” ამბავი სულ რაღაც ერთი კვირის წინ დასრულდა, როდესაც ინგლისურმა კლუბმა 9 მილიონი გირვანქა გადაიხადა და ჩილელ ვეტერანს „ინტერში” საბოლოოდ გადასვლის საშუალება მისცა.

„დორტმუნდმა” „მანჩესტერ იუნაიტედს” ვადა 10 აგვისტომდე დაუთქვა.

ჯერჯერობით, სანჩო დორტმუნდელ თანაგუნდელებთან ერთად, შვეიცარიაში შეკრებაზეა.

გერმანული კლუბის სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი: „სანჩო შემდეგ სეზონს ჩვენთან ჩაატარებს. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა და ვფიქრობ, ყველა შეკითხვაზე პასუხი გაცემულია. შარშან ჯეიდონს პროგრესის ადექვატურად ხელფასი გავუზარდეთ. ახლა, ის ჩვენთან 2023 წლამდე უნდა დარჩეს”.