„ლევერკუზენის” დირექტორი, წარსულში საუცხოო გერმანელი თავდამსხმელი რუდი ფიოლერი მიიჩნევს, რომ მის კლუბს, 21 წლის კაი ჰავერცის დონის ფეხბურთელი ათწლეულებია არ ჰყოლია.

ფიოლერმა იტალიურ „გაძეტა დელო სპორტს” უთხრა: „აქ, ლევერკუზენში, ჩემს ხელში უკვე თაობებმა გაიარეს და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ის ასეთი არავინ ყოფილა. ჩვენთან თამაშობდნენ ემერსონი, ბალაკი, ზე რობერტო და კროოსი, მაგრამ ჰავერცი მათ სჯობია”.

ფიოლერმა „ლევერკუზენის” დირექტორის თანამდებობა 1996 წელს დაიკავა. ის ამბობს, რომ ჰავერცი მიხაელ ბალაკისა და მესუთ იოზილის საუკეთესო თვისებათა ნაზავია და ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მისი შეძენით ევროპის საუკეთესო კლუბები დაინტერესდნენ:

„ვიცით, რომ მისი შეძენა არაერთ კლუბს სურს. განსაკუთრებით „ჩელსი” აქტიურობს, მაგრამ საკითხს მარტივად ვუყურებთ: კონტრაქტის თანახმად კაი ჰავერცი „ლევერკუზენში” კიდევ ორი წელიწადი უნდა დარჩეს. შესაბამისად, თუ ვინმე ჩვენს პირობებზე წამოვა, ხომ კარგი, თუ არა და დაცდა მოუწევთ. დღეს ეკონომიკურად რთული მდგომარეობაა, ფული ყველას უნდა, მაგრამ ჰავერცის დონის შემოქმედზე კოვიდ-ფასდაკლებას ვერ დავუშვებთ”.

ორშაბათს, „ლევერკუზენი” ევროლიგის მეოთხედფინალში „ინტერს” ხვდება. ფიოლერს ჰკითხეს, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ჰავერცი მანამდე გაიყიდოს და მილანელებთან შეხვედრაში გუნდს ვეღარ დაეხმაროს. „რომასა” და „მარსელის” ყოფილმა ფორვარდმა უპასუხა:

„კაი „ინტერის” წინააღმდეგ რასაკვირველია ითამაშებს. თავადაც ეს უნდა. იცით, მე ცოტა ძველმოდური კაცი ვარ და სეზონი დამთავრებულად მაშინ მიმაჩნია, როდესაც ყველა თამაში ჩატარდება”.