„ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა, 43 წლის ჰასან სალიჰამიჯიჩმა ტელეკომპანია „სქაისთან” ინტერვიუში ული ჰიონესის მიერ „დორტმუნდის” სატრანსფერო პოლიტიკის კრიტიკაზე, „ჩელსიზე” და ჯოშუა კიმიხზე ილაპარაკა.

ბავარიელთა საპატიო პრეზიდენტმა, ჰიონესმა, ამასწინათ, ბუნდესლიგაში მისი კლუბის მთავარი კონკურენტი, „დორტმუნდი” გააკრიტიკა, რასაც პასუხი და პასუხის პასუხი მოჰყვა. ამ საკითხზე სალიჰამიჯიჩმა მარტივად თქვა:

„თუკი ული ამბობს, ესე იგი მართალია!”

რაც შეეხება „ჩელსისთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრას:

„ლონდონელებმა ძალიან კარგი სეზონი ჩაატარეს, პრემიერლიგაში მეოთხე ადგილზე გავიდნენ და ასოციაციის თასის ფინალშიც ითამაშეს. მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, თუმცა, ჩვენი მხრიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ მატჩისთვის დიდი მონდომებით ვემზადებით. ბიჭები სრული კონცენტრაციით ვარჯიშობენ და ერთი სული აქვთ, როდის გავლენ მოედანზე,” — თქვა „ბრაცომ”.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნს” პირველი თამაში, ლონდონში, 3:0 აქვს მოგებული. საპასუხო მატჩი ხვალაა, 8 აგვისტოს.

და ბოლოს იმის შესახებ, რომ 25 წლის ჯოშუა კიმიხი ნახევარდაცვის ნაცვლად მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშებს:

„ჯოშუა საუკეთესო ფორმაშია. ეჭვი არ მეპარება, რომ ის მოედანზე საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს”, — თქვა სალიჰამიჯიჩმა.

კიმიხი პოზიციას იმიტომ შეიცვლის, რომ 24 წლის ფრანგი ბენჟამენ პავარი დაშავდა.