საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის უფლებამოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გორგასლიძემ, ამ რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„4 აგვისტოს შედგა გამგეობის სხდომა, სადაც წესდების თანახმად, გოჩა სვანიძის განცხადება ცნობად მივიღეთ. გამგეობას არ აქვს უფლება ის დააკმაყოფილოს, ან უარი უთხრას. მას შემდეგ გამგეობამ კენჭისყრით რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ამირჩია, ყრილობამდე, ანუ პრეზიდენტის არჩევნებამდე, რომელიც სავარაუდოდ დეკემბერში გაიმართება“.
„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დავიწყოთ რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებული ჩემპიონატები – დიდი 10, პირველი და რეგიონალ ლიგა, ასევე ჭაბუკთა ლიგები და ბავშვთა ფესტივალები, მაგრამ ფინანსების გარეშე ამ მდგომარეობიდან დაძვრა რთული იქნება. ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს მთავრობასთან და სპორტის სამინისტროსთან. მათგან დიდ თანადგომას ვგრძნობთ და სავარაუდოდ, მომავალ კვირაში უნდა გადაწყდეს დაფინანსების საკითხი, რომელთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტაცია მიწოდებული გვაქვს, ხოლო ჩემპიონატები სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს განახლდება,“ – თქვა გორგასლიძემ და განმარტა, რომ დიდი 10-ის შეწყვეტის, ან განახლების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ:
„დიდ 10-თან დაკავშირებით პრესაში გარკვეული ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. გვაქვს 2-3 ვარიანტი, რომელთაგან უკეთესს იმის მიხედვით ავარჩევთ, რა ოდენობის დაფინანსებაც გვექნება“.
გიორგი გორგასლიძესთან ერთად, რაგბის კავშირის მართვაში ჩართული იქნება საკონსულტაციო საბჭო, რომელის შემადგენლობა და რაოდენობა გარკვეული არ არის. ცნობილია, რომ რაგბის კავშირის გამგეობიდან იქ წარმოდგენილი იქნება გოჩა მაჭავარიანი. აუცილებლად იქნება წარმომადგენელი სპორტის სამინისტროდან, რაც ამ უწყებასთან კომუნიკაციას გააიოლებს.
გორგასლიძეს კითხეს, შეიცვლება თუ არა არჩევნებისთვის გუნდების ხმების კვოტები, რაც წინასაარჩევნოდ ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი იყო, რაზეც მან უპასუხა:
„ხმების კვოტებთან დაკავშირებით მე მხოლოდ ჩემი აზრი შემიძლია მოგახსენოთ და ის სავარაუდოდ ისეთივე იქნება, როგორიც იყო. ეს ყველაფერი წესდებითაა გაწერილი და ჩემი აზრით, არც ყველა პრეტენზიაა სამართლიანი. ჩემი მიზანია რაგბის კავშირი არჩევნებამდე აპოლიტიკურად მივიყვანო. ის ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე უნდა ჩატარდეს“.
რა თქმა უნდა, კითხვა დაისვა ნოემბერ-დეკემბერში გასამართ „რვა ერზეც“.
„პანდემიის გამო მსოფლიო რაგბსაც გაუჭირდა და შემოსავლების მისაღებად ის ერთჯერად, 8-გუნდიანი კომერციული ტურნირის ჩატარებას გეგმავს. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირს საუბარი არავისთან ქონია“.
პრესკონფერენციაზე გორგასლიძემ ერთი სასიამოვნო ამბავიც გააჟღერა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თითქმის გადაწყვეტილია, რომ 24-25 ოქტომბერს ბორჯღალოსნები შოტლანდიის ნაკრებს შეხვდებიან:
„ხშირად გვსაყვედურობენ, რომ რაგბის კავშირი ამა თუ იმ თამაშის ჩატარებას უცხოურ პრესაზე გვიან აანონსებს, მაგრამ ჩვენ თამაშებს ოფიციალურად ვერ გამოვაცხადებთ, სანამ ყველა დეტალი ბოლომდე არ იქნება შეთანხმებული. თითქმის გადაწყვეტილია, რომ 24, ან 25 ოქტომბერს შოტლანდიის ნაკრებს ვეთამაშებით. ეს თანხებთანაა დაკავშირებული გვაქვს პირობა მთავრობიდან, რომ დაგვეხმარებიან. მადლობა შოტლანდიელებს მიწვევისთვის. სიტყვიერი შეთანხმება უკვე გვაქვს, ფაქტობრივად ერთი კომუნიკაცია დარჩა და ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდება.
რაც შეეხება რუსეთთან თამაშს. რაგბი ევროპამ მისი ჩატარება 31 ოქტომბერს ჩანიშნა, თუმცა დადასტურებული არ არის. ამ დღეს ჩვენთან საპარლამენტო არჩევნები იმართება და რუსეთთან თამაში მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ჩვენ მასპინძლები ვართ, ჯერ ამ თამაშზე დასტური არ მიგვიცია და თუ მოხდება თარიღის შეცვლა და თანაც ისე, რომ შეხვედრა მსოფლიო რაგბის ფანჯარაში ჩაჯდება, რათა უძლიერესი შემადგენლობის შეკრება შევძლოთ, დიდი სიამოვნებით ვითამაშებთ“.