კატალონიურმა „სპორტმა” ჯერ ის გაიგო, რომ „ბარსელონას” პორტუგალიელ თავდამსხმელ ფრანსიშკუ ტრინკაუს რომელიღაც ინგლისური კლუბი ეპატიჟება, მეორე დღეს კი „გარდიანში” წაიკითხა, რომ ეს კლუბი „ლესტერი” ყოფილა.
პრემიერლიგის მეხუთეადგილოსნის გეგმა ასეთია — ჯერ ორწლიანი იჯარა და შემდეგ, 50 მილიონ ევროდ გამოსყიდვა. რასაკვირველია, გამოსყიდვისთვის საჭიროა „მელიებს” 20 წლის ფორვარდი გამოადგეთ.
ამ ცნობის წამკითხველ კაცს შეიძლება გაუკვირდეს: ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა რაღა არისო. „გუგლის” საძიებო სისტემაში „ბარსელონას” ფორმაში ჩაცმულ ტრინკაუს ფოტოს ვერ ნახავთ. მიზეზი: „ბარსამ” იანვარში „ბრაგას” ფორვარდის სანაცვლოდ 31 მილიონი ევრო გადაუხადა და… სეზონის ბოლომდე დაუტოვა.
ფრანსიშკუ ტრინკაუ „ბაგაში” შესანიშნავად თამაშობს. 27 შეხვედრაში მან 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გადააწოდა. ამ გოლებისა და პასების უმეტესობა მას მერე გავიდა და შესრულდა, რაც ფეხბურთელმა „ბარსელონასთან” გააფორმა ხელშეკრულება — შესაძლოა, ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა იმოქმედა.
საინტერესოა, როგორ გაგრძელედება ახალგაზრდა პორტუგალიელის კარიერა. ამბობენ, რომ „ბარსელონას” მაინცდამაინც არ ხიბლავს იმ ფეხბურთელის გასხვისება, რომელიც ერთხელაც კი არ უვარჯიშებია.
„კამპ ნოუზე” ტრინკაუს ხელშეკრულება 2025 წლამდეა და ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად 500 მილიონი ევროა დათქმული.