ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ფინალის მიმოხილვას, „სანის” სპორტული ჟურნალისტი დეივ კიდი ასე იწყებს: შედევრები ფული ღირს. ლეონარდო და ვინჩის „სამყაროს მხსნელი”, სადაც იესო გადაჯვარედინებული თითებით არის გამოსახული, 2017 წელს, აუქციონზე, 450 მილიონ დოლარად გაიყიდა. ასე რომ, ასოციაციის თასის ფინალში პიერ-ემერიკ ობამეიანგის თამაში აუცილებლად დაჯდება გარკვეული თანხა.

„არსენალი” შეგუებული იყო იმ აზრს, რომ ამ ზაფხულს ობამეიანგი მათგან წავიდოდა, მაგრამ ასეთი ფინალის შემდეგ, რასაკვირველია, ვეღარ გაჰყიდის. გაბონელმა მოინადირა პენალტი, რომელიც თავად გაიტანა, შემდეგ კი გამარჯვების გოლიც შეაგდო, რასაც ტორტის თავზე მარწყვის შემოდების ეფექტიც ჰქონდა. ასე გამოასწორეს „მეთოფეებმა” „ჩელსისთან” 0:1 ჩამორჩენა და თასი მოიპოვეს.

ახლა სტენ კრონკმა, რომელიც ხელგაშლილ მეპატრონედ არ ითვლება, ობამეიანგს ისეთი წინადადება უნდა შესთავაზოს, რომელზეც ის უარს ვერ იტყვის — ფეხბურთელის კონტრაქტი შემდგომ სეზონს აუცილებლად უნდა გადასცდეს.

დღეს ობამეიანგის გასამრჯელო კვირაში 180 ათასი გირვანქაა, მაგრამ მას შესაძლოა უკვე გაორმაგება ანუ მესუთ იოზილის სრულიად ველურ და არაადექვატურ ხელფასზე მეტი მოუნდეს. მართალიც იქნება.

ეს გახლდათ 31 წლის თავდამსხმელის მესამე დუბლი ბოლო ოთხ თამაშში. სულ, სეზონში, მან 29 გოლი შეაგდო. ობამეიანგი გახლავთ „არსენალის” კაპიტანი და თილისმა, რომელსაც მიკელ არტეტას გუნდის მომავლისთვის აშკარად საკვანძო მნიშვნელობა აქვს.

არადა, „ჩელსიმ” თამაში ეფექტურად დაიწყო და კრისტიან პულიშიჩის მშვენიერი გოლით ანგარიში გახსნა. თუმცა, დასავლეთლონდონელებს ამ დღეს იღბალმაც ზურგი აქცია: ჯერ სესარ ასპილიკუეტა დაუშავდათ, მერე პულიშიჩი, ობამეიანგის მეორე გოლის შემდეგ კი მატეო კოვაჩიჩი გაუძევეს მოედნიდან. და ბოლოს, გეგონება „ლურჯების” გაჭირვებას საკონტროლო გასროლა აკლდაო, მთლად ბოლო წუთებში პედროც დაშავდა — ასე სევდიანად დასრულდა კანარელი ესპანელის მშვენიერი კარიერა „ჩელსის” შემადგენლობაში.

მოგეხსენებათ, ასოციაციის თასის ბედი 2017 წელსაც „არსენალისა” და „ჩელსის” ფინალში გადაწყდა. ამ ორ თამაშს შორის აშკარა განსხვავება გუშინდელის უმაყურებლობა იყო, სხვა მხრივ, კი სამი წლის წინანდელი მატჩი ახლანდელს ბევრი რამით ჰგავდა.

უპირველეს ყოვლისა, ორივე დაპირისპირება „არსენალმა” მოიგო და ორივე ერთი და იმავე ანგარიშით – 2:1. ორივე შეხვედრას ენტონი ტეილორი სჯიდა და მან ორივეჯერ „ლურჯების” ფეხბურთელი გააგდო. და კიდევ, თუკი ეს შეიძლება საერთო ნიშნად ჩაითვალოს, ორივე შემთხვევაში „არსენალმა” ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტი” დაამარცხა.

აი, კიდევ საინტერესო სტატისტიკა: 2007 წელს გაიხსნა ხელახლა აშენებული „უემბლი” და მას მერე გამართული ფეხბურთის ასოციაციის თასის 14 ფინალიდან 9 ან „არსენალმა” მოიგო ან „ჩელსიმ”.

ახლა, „არსენალს” ბოლო შვიდი გათამაშებიდან ოთხი აქვს მოგებული. მათ შორის გუშინდელი წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩანს: გაღვივდა რწმენა, რომ არტეტა „ემირეით სთედიუმზე” ახალ, ძლიერ გუნდს აყალიბებს. ოღონდ, ამ გუნდში ობამეიანგის ყოფნამ შესაძლოა საკვანძო როლი ითამაშოს. ალბათ, ამიტომაც თქვა არტეტამ მატჩის წინ, იქნებ ფინალში გამარჯვებამ გაბონელს წასვლა გადააფიქრებინოსო.