ცრემლებამდე მისული ამანდა სტეივლი ბრალს პრემიერლიგის კლუბებს სდებს. სტეივლიმ, საუდის არაბეთის სახალხო საინვესტიციო ფონდმა და ძმებმა რიუბენებმა „ნიუკასლ იუნაიტედის” ყიდვაზე ხელი აიღეს. ისინი 300 მილიონ გირვანქას იხდიდნენ.
მიზეზი: დაზუსტებით ცნობილი არ არის, მაგრამ ამბობენ, რომ „კაჭკაჭების” ლამის უკვე მარადიულმა და გულშემატკივართა საძულველმა პრეზიდენტმა მაიკ ეშლიმ ბოლოწამს მეტი ფული მოინდომა.
ამანდა სტეივლი კი „ლივერპულსა” და „ტოტენჰემსაც” სდებს ბრალს. „ნიუკასლის” გაძლიერების შეეშინდათო.
ატირებულმა სტეივლიმ თქვა: „გარიგება რომ ჩაგვივარდა, პრემიერლიგის ბრალია. მათ თქვეს, თითქოს ჩვენ ყველა კითხვაზე არ გავეცით პასუხი, მაგრამ ეს ასე არ იყო. და კიდევ, პრემიერლიგის სხვა კლუბებს არ უნდოდათ, რომ ჩვენ „ნიუკასლ იუნაიტედი” შეგვეძინა.
სრულიად გულგატეხილი ვარ. შევდივარ კლუბის, ფანებისა და ნიუკასლის მოსახლეობის მდგომარეობაში, რადგან ინვესტიცია, რომელიც ჩვენ ამ კლუბში უნდა ჩაგვედო, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. ამ ხალხისთვის პროექტის ჩავარდნა კატასტროფის ტოლფასია”.
ამანდა სტეივლის მხარესა და ეშლის შორის მოლაპარაკება ჯერ კიდევ აპრილში შედგა. სტეივლის მხარეს წარმოადგენდა საუდის არაბეთის კრონ პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი, რომელიც საუდის არაბეთის სახალხო საინვესტიციო ფონდის თავმჯდომარეა. ისინი დინჯად მიუყვებოდნენ პროცესს და ამბობდნენ, რომ სანამ არ გადახტებოდნენ ჰოპს არ დაიძახებდნენ. თითქოს ყველაფერი კარგადაც იყო, მაგრამ უცებ ვითარება შეიცვალა. საიდანღაც პრემიერლიგის სატელევიზიო უფლებების დარღვევის საკითხი გამოტყვრა. თურმე საუდეთის მაუწყებელი beoutQ საერთაშორისო და მათ შორის პრემიერლიგის მატჩებს მეკობრულად გადასცემდა.
სტეივლის ჯგუფის კიდევ ერთი თანაინვესტორმა ჯეიმი რიუბენმა გულშემატკივრებს „ტვიტერით” მიმართა. მან თქვა, რომ კლუბისთვის ეს გარიგება ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნებოდა, მადლობა გადაუხადა მათ თანადგომისთვის და წუხილი გამოთქვა, რომ ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა.
და ისევ სტეივლი: „ახლა დავნებდებით? არ ვიცი. შესაძლოა, ჯერ კიდევ იყოს რაღაც გზა”.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, დაირხა ხმა, რომ სინამდვილეში ყველაფერი ხარბი ეშლის ბრალია, რომელმაც ბოლოწამს მეტი ფული მოითხოვა. თავის მხრივ ეშლი ამბობს, რომ სტეივლის ჯგუფთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.
ამასობაში კი ხმა ამოიღო ამერიკელმა ბიზნესმენმა ჰენრი მორისმა, რომელიც Clear TV-ს პატრონია და ივნისში ეშლის 340 მილიონი შესთავაზა. მორისმა სიხარულით ტაში შემოსცხო, ახლა პირველ პოზიციაზე მე გადავედიო.
მაგრამ, აქ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ფეხბურთი ფეხბურთად და ინგლისში, მათ რიცხვში ცხადია, უშუალოდ ნიუკასლშიც იყვნენ ადამიანის უფლებათა დამცველები, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ მათ ქვეყანაში მოჰამედ ბინ სალმანს ბიზნესი გაეშალა. საქმე, 2018 წელს, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობას ეხება. როგორც ამბობენ, მოჰამედ ბინ სალმანს ამ გახმაურებულ საქმეში არცთუ მეორეხარისხოვანი როლი მიუძღვის.
მოკლული ჟურნალისტის საცოლე ჰატის ჩენგიზი: „დაე ეს დამარცხება საუდის არაბეთის ხელმძღვანელთათვის იყოს მკაცრი მესიჯი, რომ ფულით ადამიანის უფლებებს ვერ იყიდიან და ჯამალის მკვლელებს ვერ დამალავენ”.
„ამნისტი ინტერნეშენალის” დირექტორმა პიტერ ფრენკენტალმა წესების შეცვლაც კი მოითხოვა. პრემიერლიგას ფულის გამო ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ გამთელავი ხალხის ქვეყანაში შემოშვების საშუალება არ ჰქონდესო. მისი აზრით, საუდის არაბეთის ხელისუფალთა მხრიდან „ნიუკასლის” ყიდვის მცდელობა სხვა არაფერი იყო თუ არა ტაინსაიდური კლუბის პრესტიჟისა და თავმოყვარეობის ჯიბეში ჩადება და ამ გზით თავიანთი საშინელი ქმედებების ჩამორეცხვის სურვილი.