ბასკი მეკარე კეპა არისაბალაგა შიშობს, რომ „ჩელსის” შემადგენლობაში ბოლო შეხვედრა უკვე ჩაატარა. ფორმა და ნდობადაკარგულ გოლკიპერზე ამბობენ, შაბათს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში სკამზე დატოვებენ და მის ნაცვლად 38 წლის ვილი კაბალიეროს ათამაშებენო.
არისაბალაგა დასავლეთლონდონელებმა „ბილბაოსგან” 2018 წელს დიდი ზარ-ზეიმით იყიდეს და მასში მეკარისთვის სარეკორდო თანხა, 71,6 მილიონი გირვანქა გადაიხადეს, მაგრამ დღეს ის ფიქრობს, რომ არც „არსენალთან” შეხვედრიდან ერთ კვირაში, მიუნხენში ეღირსება კარში ჩადგომა — 8 აგვისტოს „ჩელსის” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩი აქვს „ალიანც არენაზე”. პირველი შეხვედრა, ლონდონში, ბავარიელების გამარჯვებით დამთავრდა 3:0.
ფაქტობრივად, 25 წლის კეპა შეგუებულია იმ აზრს, რომ „ლურჯების” თავკაცი ფრენკ ლემპარდი მასთან თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს და სატრანსფერო ბაზარზე გაიყვანს.
სანამ მსოფლიოს უძვირესი მეკარე „სტემფორდ ბრიჯზე” წვალობდა, მედია „ჩელსის” ხან ერთ ცნობილ გოლკიპერთან აკავშირებდა და ხან მეორესთან. ვისზე არ ლაპარაკობდნენ, „ატლეტიკოს” სლოვენიელ იან ობლაკზე, „ბარნლის” ინგლისელ ნიკ პოუპზე თუ თვით „ბაიერნის” გერმანელ მანუელ ნოიერზე.
აქტიურად განიხილებოდა დორტმუნდელთა მეკარის, 29 წლის შვეიცარიელი რომან ბურკის კანდიდატურა, მაგრამ მან „სიგნალ იდუნა პარკზე” ამჯობინა დარჩენა და „შავ-ყვითლებთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა.
ლემპარდმა კეპა პრემიერლიგის ბოლო შეხვედრაში, „ვულვერჰემპტონთან” (2:0) უკვე აღარ ათამაშა. იმ დღეს „ჩელსის” კარს კაბალიერო იცავდა და ეს მწვრთნელის მხრიდან ბასკის ერთგვარ დასჯას ჰგავდა. დანაშაული კი მან, როგორც ჩანს, „ლივერპულთან” ჩაიდინა, როდესაც მისმა უხარისხო თამაშმა „ენფილდზე” 3:5 წაგებაში თავისი როლი ითამაშა.
„სანი” წერს, რომ კეპას თავი მაინც განტევების ვაცად მიაჩნია. მისი აზრით „ჩელსის” პრობლემები გაცილებით ღრმაა ვიდრე მეკარის რამდენიმე შეცდომა. ყველაზე მეტად კი ბასკი „ლურჯების” სუსტ დაცვაზე მიუთითებს.
არისაბალაგა მარტში ხუთჯერ დასვეს სათადარიგოთა სკამზე, მაგრამ ის ყოველ ჯერზე უბრუნდებოდა ძირითად შემადგენლობას და ივლისის დასაწყისში, „კრისტალ პალასთან”, ბოლოწამს, საოცარი თამაშით სამი ქულაც გადაარჩინა (3:2).
თუმცა, ახლა, უძვირესი მეკარის ბედი ალბათ უკვე გადაწყვეტილია. მიუხედავად იმისა, რომ მისი შვიდწლიანი კონტრაქტიდან მხოლოდ ორი წელიწადი ამოიწურა, მას გაყიდიან.
„ჩელსიში” კეპას ხელფასი კვირაში 150 000 გირვანქაა.