„მანჩესტერ სიტიმ” სულ მცირე ლეროი სანეს შემცვლელი იპოვა — „ვალენსიასგან” 20 წლის ფერან ტორესი გადაიბირა. სატრანსფერო თანხა არის ნაღდ 20,9 მილიონ გირვანქას პლუს მთელი რიგი წანამატები ანუ ის სავარაუდოდ 31,8 მილიონ გირვანქამდე (35 მილიონ ევრომდე) გაიზრდება. კონტრაქტი ხუთწლიანია. ტორესს „ვალენსიაში” ერთი წელიწადი ჰქონდა დარჩენილი.

აღსანიშნავია, რომ ვალენსიელები ახალგაზრდაში თავიდან 39 მილიონ გირვანქას ითხოვდნენ, მაგრამ კორონაკრიზისმა დაკლება აიძულათ.

ზემოთ, „ბაიერნში” 55 მილიონ გირვანქად გაყიდული სანე ვახსენეთ, მაგრამ წერენ, რომ ტორესი „ქალაქელებს” შესაძლოა მათთვის ფასდაუდებელი დავიდ სილვას წასვლით დატოვებული სიცარიელის ამოვსებაშიც კი დაეხმაროს. თუმცა, სილვას შეცვლაზე ლაპარაკისას დიდი სიფრთხილეა საჭირო — 34 წლის ვეტერანმა „ეტიჰედზე” ათი წელიწადი ითამაშა და კლუბს ერთგულად ემსახურა. მისი შეცვლა ახალწვეულს ალბათ არავინ უნდა დაავალოს, თორემ შესაძლოა მან ტვირთი ვერ ზიდოს.

ტორესი ორივე ფრთაზე კარგად თამაშობს. მისი „სიტიში” გადაყვანა მანჩესტერელთა ტრანსფერების შეფის ჩიკი ბეგირისტაინისა და ფეხბურთელის პორტუგალიელი აგენტის ჟორჟი მენდეშის მოწყობილია. შეგახსენებთ, რომ მენდეში თვით კრიშტიანუ რონალდუს აგენტი გახლავთ.

საინტერესოა, რომ „ვალენსიას” ყოფილ მწვრთნელ მარსელონოს, სეზონის დასაწყისში, ფერან ტორესის იჯარით გაშვება უნდოდა, მაგრამ ახალგაზრდა ორთავფლანგელმა ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი და ლა ლიგის 34 შეხვედრაში 4 გოლი და 5 საგოლე პასი მოინაგრა.

ტორესმა თავი განსაკუთრებით ევროთასებზე გამოიჩინა. ჩემპიონთა ლიგის 6 შეხვედრაში მან 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გადააწოდა.