მსოფლიო რაგბის მმართველი ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა დაამტკიცა შემოდგომის ტესტების კალენდარი.

ტესტები დაიწყება 24 ოქტომბერს და დამთავრდება დეკემბრის პირველ უქმეებზე. ამ პერიოდში დასრულდება ვაჟთა და ქალთა „ექვსი ერის თასები“- 2020 (24 და 31 ოქტომბერს) და მერე, 7 ნოემბერს დასვენების შემდეგ, გაიმართება ზედიზედ ოთხი სატესტო კვირა.

ჰოდა, რა ხდება ახლა ჩვენს თავს? რა და ეს ოფიციალურად ჯერაც არავინ იცის, ყველაფერი მხოლოდ ვარაუდებისა და უცხოელი ჟურნალისტების ლოგიკიდან გამომდინარე ვიცით. თუმცა მივყვეთ თარიღებს:

24 ოქტომბერი – ქართველების მიმართ პატივისცემით განსჭვალულმა შოტლანდიელებმა, აქაოდა, 31-ში უელსთან ჯახი გვაქვს და ბორჯღალოსნებზე უკეთეს გამომცდელს ვერც ვისურვებთო. კალენდარი დადგინდეს და მსოფლიო რაგბისგან ამ ტესტის დასტურს მალე მივიღებთო. თანაც ქართველების მასპინძლობას დიდებულ „მარიფილდზე“ აპირებენ…

31 ოქტპმბერი – „რაგბი ევროპას“ აქამდეც ჰქონდა ნათქვამი, ჩემპიონატი ოქტომბრის ბოლო დღეს დასრულდებაო, ანუ „დინამო არენაზე“ რუს „დათვებს“ მაინც ვუმასპინძლებთ…

7 ნოემბერი – ეს დღე ყველასთვის უქმეა, მაგრამ ჩვენ საფრანგეთთან სენტ-ეტიენში ტესტი გვქონდა დაგეგმილი, თანაც ჯერ კიდევ შარშან. მის გაუქმებაზე საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა, თუმცა „მსოფლიო რაგბის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ინგლისური და ფრანგული კლუბები ვალდებულები არიან, ხსენებულ პერიოდზე თავისი მორაგბეები ნაკრებში უყოყმანოდ გაუშვან, რასაც პრემიერშიფი თითქოს დათანხმდა, ტოპ 14 კი არა. დასვენების დღეს ნაკრებში მორაგბეები რომ გამოუშვან, ეს ხომ საერთოდ უტოპიაა. ანუ ეს ტესტი ძალიან სათუოა. ნოემბერში ჩვენთან ამერიკელებიც უნდა ჩამოსულიყვნენ, მაგრამ პანდემიის გამო შეწყვეტილი ავიამიმოსვლა სავარაუდოდ არ აღდგება იმ პერიოდშიც და ესეც გამოირიცხა. აღარც ფიჯი გვესტუმრება და ამას ქვემოთ ავხსნით.

14, 21, 28 ნოემბერი და 5 დეკემბერი – ამ რამდენიმე კვირის წინ ერთმა ირლანდიელმა ჟურნალისტმა ერთობ ლოგიკური და ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო შინაარსის წერილი გამოაქვეყნა. ამ კაცმა ივარაუდა, რომ ვინაიდან სამხრეთელი ბობოლები ამ შემოდგომაზე ევროპაში ვერ ჩამოვლენ და „ექვსი ერის“ მესვეურები ტესტების ნაცვლად კიდევ ერთი სანაკრებო ტურნირის მოწყობას აპირებენ, თან მასში იაპონიისა და ფიჯის ნაკრებთა ჩართვას გეგმავენ, უპრიანი იქნებოდა, ამ „რვა ერში“ იაპონელების ნაცვლად ქართველები ჩართულიყვნენ.

არგუმენტი ასეთია: თუკი ფიჯელთა თითქმის 100% ინგლისსა და საფრანგეთში თამაშობს და ქართველთა 3/4 ასევე იქაა, ხოლო იაპონელები სრულად შიდა ჩემპიონატს წარმოადგენენ, აზიელებს მგზავრობა პანდემიის პირობებში უნდა გაუჭირდეთ, ანუ მათი მონაწილეობა ამ ტურნირში დიდ პრობლემებთან იქნებოდა დაკავშირებული. ორიოდე დღეში ირლანდიელებს ფრანგებმაც აუბეს მხარი – აქაოდა, ქართველები ამდენი ხანია გვიკაკუნებენ კარზე და ამ ერთხელ რომ გავუღოთ, არაფერი დაგვიშავდებაო…

ამ მტანჯველ მოლოდინში და ვარაუდების ძებნაში ორი კვირა გავლიეთ, ვიდრე უკვე იტალიურმა წყარომ სიხარულით არ აუწყა სამყაროს, რომ იაპონელები ამ ექსპერიმენტულ ტურნირზე მათთან ერთ ჯგუში იბრძოლებენო… მე თუ მკითხავთ, ისევ ქართველები ერჩივნათ, რადგან დარწმუნებული ვარ, იაპონელებისგან გვარიანი ალიყური ელით…

მოკლედ, ჩვენი ოცნებების კოშკი დაიმსხვრა, ოღონდ კიდევ ვიმეორებ, ეს ყოველივე ვარაუდის დონეზეა, გარდა იმ ფაქტისა, რომ „მსოფლიო რაგბის“ თავკაცებმა „რვა ერისთვის“ კალენდარი მართლაც გაამზადეს, ხოლო დანარჩენი კი კლასიკური „ექვსი ერის“ გადასაწყვეტია.