42 წლის პოლონური წარმოშობის გერმანელმა მსოფლიოს ჩემპიონმა მიროსლავ კლოზემ „ბაიერნში” ჰანსი ფლიკის ასისტენტად დაიწყო მუშაობა. გუშინ, სამშაბათს, მსოფლიოს ჩემპიონატების რეკორდსმენმა ბომბარდირმა პირველ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა.

„ერთი სული მქონდა კვლავ როდის დავადგამდი მოედანზე ფეხს,” — თქვა შემდეგ კლოზემ.

ვეტერანისთვის, რომელიც თავად 2007-2011 წლებში თამაშობდა ბავარიელთა გუნდში, ფლიკის ასისტენტობა დაწინაურებაა. აქამდე ის 17 წლამდელთა გუნდს ხელმძღვანელობდა.

კლოზე: „ვფიქრობ, მე უფრო თავდამსხმელებზე გავაკეთებ აქცენტს, თუმცა ყველაფერს მაინც ჰანსი ფლიკთან ერთად გადავწყვეტ”.

კლოზე გერმანიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე უხვგოლიანი ფორვარდია. მას ბუნდესმანშაფტის სახელით 137 შეხვედრაში 71 გოლი აქვს გატანილი. კლოზეს ჯერ არ აქვს მთავარი მწვრთნელისთვის საჭირო ლიცენზია, თუმცა ძალიან მოწადინებულია.

ჰანსი, იგივე ჰანს-დიტერ ფლიკი, რომლის ხელმძღვანელობითაც ის დღეს „ბაიერნში” მუშაობს, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრების თავკაცის იოაჰიმ ლიოვის ასისტენტი იყო, ასე რომ კლოზეს შესანიშნავად იცნობს. ისინი ერთად მივიდნენ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულამდე, კლოზე როგორც თავდამსხმელი, ხოლო ფლიკი, როგორც მწვრთნელის ასისტენტი.

ფლიკმა თქვა: „ვფიქრობ, რომ მირო გუნდს თავის დიდ გამოცდილებას გაუზიარებს. ჩვენს გუნდში ყველა ასეა”.