„ბარსელონამ” არტურ მელოს წინააღმდეგ სადისციპლინო პროცესი წამოიწყო. ასეთი გახლავთ კლუბის რეაქცია 23 წლის ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე, არ შეუერთდეს თანაგუნდელებს და „ნაპოლის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში არ ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი სექტემბრიდან „იუვენტუსში” გამოვა. კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია. არტურის კონტრაქტი ხუთწლიანია. „ბებერი ქალბატონი” 72 მილიონ ევროს იხდის, რასაც გარემოებათა მიხედვით შეიძლება კიდევ 10 მილიონი დაემატოს. გარიგებაში შედის „იუვედან” „ბარსაში” მირალემ პიანიჩის გადაბარგებაც.

ისეთი კალიბრის კლუბი, როგორიც „ბარსელონაა”, ფეხბურთელის გამომწვევმა საქციელმა გააღიზიანა. „კამპ ნოუზე” ამბობენ, რომ არტურს შეეძლო ცივილურად მოქცეულიყო, მოლაპარაკების მაგიდას მიჯდომოდა და ყველასთვის მისაღები გამოსავალი მოენახა. ამის ნაცვლად, ბრაზილიელმა, სრულიად თავხედურად, ესპანეთში ჩასვლითაც კი არ შეიწუხა თავი.

ახლა არტურს კლუბისთვის და თანაგუნდელებისთვის ბოდიშის მოხდას მოსთხოვენ, რის შემდეგაც დააძალებენ „ბარსას” უფროსობას შეუთანხმდეს, თუ როგორ უნდა მოიქცეს სეზონის ბოლომდე. რასაკვირველია, მოსალოდნელია ფულადი ჯარიმაც.