ბრაზილიელმა ვილიანმა ფრენკ ლემპარდს შეიძლება ფინალის გეგმა აურიოს. მიზეზი: ფეხბურთის ასოციაციის თასზე „ჩელსისა” და „არსენალის” გადამწყვეტი მატჩის წინ გარემარბის აგენტმა გამოაცხადა, რომ მისი კლიენტი „არსენალში” გადადის.
ფინალი შაბათსაა. შემდეგ, ერთ კვირაში სეზონი მთავრდება, 31 წლის ფეხბურთელს კი მაგიდაზე „მეთოფეთა” გამზადებული ხელშეკრულება უდევს.
ბრაზილიელს დარჩენას „ჩელსიც” სთავაზობს, მაგრამ მოთამაშე და კლუბი კონტრაქტის ხანგრძლივობაზე ვერ თანხმდებიან. ვილიანს სურს სამი წლით ჰქონდეს თავი ქუდში, კლუბს კი ეტყობა ამ ხნის კაცის სამი წლით დატოვებისა ეშინია — ეჭვობს, რომ დიდხანს კარგად თამაშს ვეღარ შეძლებს.
ახლა იხსენებენ, რომ სადღაც მარტში, ვილიანის ცოლმა თავის ინსტაგრამზე დაწერა: „ამის მიღწევა ძნელი იყო მაგრამ წინ კარგი ამბები გველის” და დადო ფოტო, სადაც მათ შვილებს, პატარა გოგოებს, „არსენალის” მაისურები აცვიათ.
არადა, ბოლოხანს „ჩელსიში” იმედოვნებდნენ, რომ მათი მოლაპარაკება ფეხბურთელთან შედეგს გამოიღებდა და ზედ ფინალის წინ ასეთ მუხანათურ ცნობას არ ელოდნენ.
ვითარების დასაწყნარებლად ვილიანის მრჩეველები ამბობენ, რომ გადაწყვეტილი ჯერ მაინც არაფერია და სანამ სეზონი არ დამთავრდება, გარემარბი ხელს არაფერს მოაწერს.
ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელებით ვაჭარი კია ჯურაბჩიანი: „ჩვენ ორი დიდი შემოთავაზება გვქონდა. ერთი აშშ-ს MLS-დან იყო, მაგრამ ის 1 ივლისს უკვე ამერიკაში ყოფნას გულისხმობდა, ვილიანი კი სულ იმას იმეორებდა, რომ სეზონი აუცილებლად „ჩელსიში” უნდა დაემთავრებინა. გადაწყვეტილებას სეზონი რომ დასრულდება, შემდეგ დილას მივიღებო.
ახლა, მაგიდაზე პრემიერლიგის ორი დიდი კლუბიდან (სავარაუდოდ, „ტოტენჰემი” და „მანჩესტერ იუნაიტედი”) გვიდევს კარგი შემოთავაზება; ერთი, ძალიან სერიოზული ვარიანტი კვლავ MLS-დან გვაქვს და ორიც ევროპის კონტინენტური ნაწილიდანაა. ამრიგად, ვილიანი შესანიშნავი არჩევანის წინაშეა”.
როგორც ვთქვით, 1 აგვისტოს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალია, ერთი კვირის თავზე, 8 აგვისტოს კი „ჩელსი” მიუნხენს მიემგზავრება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბაიერნთან” 0:3-ის გამოსასწორებლად. აი, შემდეგ კი ვილიანი თავისუფალი აგენტი ხდება.
ბრიტანული მედია წერს, რომ „ჩელსისა” და „არსენალს” მეგობრული მეტოქეობა აქვთ და იგონებს ექვსი წლის წინანდელ ამბავს, როდესაც „ლურჯებმა” თავიანთ დაფასებულ მეკარეს პეტრ ჩეხს პატივი სცეს — სწორედ „ემირეიტ სთედიუმზე” გაუშვეს თავისუფალი აგენტის სტატუსით.