ნიკოლოზ ბასილაშვილს ვაშინგტონში გასამართი ტურნირი კი ჩაეშალა, მაგრამ ნიუ იორკში დაგეგმილ მასტერსზე დარეგისტრირდა. ადრე Western & Southern Open ცინცინატიში იმართებოდა ხოლმე, ამჯერად კი მასპინძელი ნიუ იორკია.
ტურნირი 22-28 აგვისტოს გახლავთ დაგეგმილი და წესით აშშ-ს ღია პირველობა უნდა მიჰყვეს.
აღსანიშნავია, რომ WSOpen-ს მსოფლიო რეიტინგის თავში მყოფი 40 ჩოგბურთელიდან მხოლოდ 4 დააკლდება: როჯერ ფედერერი, სტენ ვავრინკა, გაელ მონფილსი და ფაბიო ფონინი (იტალია).
ბასილაშვილმა WSOpen-ზე შარშანაც ითამაშა, მაგრამ პირველივე წრეში ანდრეი რუბლიოვთან 7:6, 4:6, 2:6 წააგო. ტურნირი კი, დანილ მედვედევმა მოიგო, რომელმაც ფინალში დავიდ გოფინს აჯობა.
WSOpen 1.000-იანი ტურნირია და მისი საპრიზო ფონდი 5 მილიონი დოლარია.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილს ATP-ს რეიტინგში 1.395 ქულით 27-ე ადგილი უკავია, ნიუ იორკის მასტერსზე კი 24-ე განთესვა ექნება.