სერ ალექს ფერგიუსონმა იურგენ კლოპს ღამის ოთხის ნახევარზე გაღვიძება აპატია. არადა, გერმანელს 78 წლის ლეგენდარული, ნაინსულტარი ბერიკაცისთვის დაურეკავს და უთქვამს „ლივერპული” ჩემპიონი გახდაო.

მიზეზი ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედს” ედგა სათავეში და იმ ათწლეულების განმავლობაში, როდესაც მერსისაიდელები ჩემპიონები ვერ ხდებოდნენ, პრემიერლიგაში ბატონობდა.

ინგლისურ საფეხბურთო ფოლკლორში მოარულ ფრაზად დარჩა „გარდიანთან” ინტერვიუში სერ ალექსის მიერ ოდესღაც ნათქვამი: „ჩემი უდიდესი გამოწვევა ის კი არ არის, რაც ამწუთას ხდება, არამედ ჩემი უდიდესი გამოწვევა „ლივერპულის” იმ fucking მწვერვალიდან ჩამოგდება იყო. შეგიძლიათ ეს სიტყვები პირდაპირ დაწეროთ”.

და აი, ბოლო ტრიუმფიდან 30 წლის შემდეგ, „ლივერპული” გერმანელი იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით კვლავ ქვეყნის ჩემპიონი გახდა. „წითლების” წარმატება შთამბეჭდავი გახლდათ — გუნდმა მეორე ადგილზე გასულ „მანჩესტერ სიტის” 18 ქულით გაუსწრო.

როგორც ჩანს, ტრიუმფატორი გერმანელი ისე იყო ემოციით გადავსებული, რომ არც ფერგიუსონის ასაკი გაითვალისწინა, არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არც ქცევის ნორმები. ღამით დაურეკა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას და ნიშნი მოუგო.

არადა, საინტერესოა, რომ წლის საუკეთესო მწვრთნელისთვის დაწესებული სერ ალექს ფერგიუსონის სახელობის თასი ამ სეზონში სწორედ იურგენ კლოპმა მოიგო და ის თავად ფერგიმ დაულოცა.

„იურგენ, გილოცავთ! ფანტასტიკურია! 30 წელიწადი იყო გასული მას მერე, რაც „ლივერპულს” ჩემპიონის ტიტული არ მოეგო. დაუჯერებელია.

თქვენ ზედმიწევნით დაიმსახურეთ ეს ჯილდო. თქვენმა გუნდმა საუცხოო ფეხბურთი აჩვენა. მთელი კლუბი თქვენი პიროვნებით არის გაჟღენთილი.

მიპატიებია, დილის ოთხის ნახევარზე გაღვიძება იმის სათქმელად, რომ ჩეპიონი გახდით. გმადლობთ…

თქვენ ეს ჯილდო ალალად დაიმსახურეთ. ბრავო!”

თავის მხრივ, „ლივერპულის” თავკაცმა თქვა: „სრულიად ბედნიერი ვარ ეს საუცხოო ჯილდო რომ მოვიპოვე. ფერგიუსონი იყო პირველი ბრიტანელი მწვრთნელი, რომელსაც მე ცხოვრებაში შევხვდი. დიდი ხნის წინ ჩვენ ერთად ვისაუზმეთ. მას ეს ამბავი ალბათ არც ახსოვს, მაგრამ მე არ დამვიწყებია. ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, მეგონა რომის პაპს შევხვდი. ეს იყო დიდებული დღე. ჩვენ პირველივე წამიდან გავუგეთ ერთმანეთს.

მაშინ, ვერც წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა წლები და ამ ადამიანის სახელობის ჯილდოს გადმომცემდნენ”.