ჯეკ გრილიში ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე შესაძლოა ფასმა დააბრკოლოს. კაცში, რომლის მიერ „ვესტ ჰემის” კარში გატანილმა გოლმა „ასტონ ვილა” პრემიერლიგიდან გავარდნას გადაარჩინა, ბირმინგემელები 80 მილიონ გირვანქას ითხოვენ. ეს დიდძალი თანხაა, მითუფრო კორონაგამოვლილი საფეხბურთო კლუბებისთვის და სულაც არ არის გამორიცხული, რომ 24 წლის ვარსკვლავი ვერ გაიყიდოს.
„ასტონ ვილასაც” სწორედ ეს უნდა. აი, ფეხბურთელისა კი რა მოგახსენოთ.
გრილიში, რომელიც ბირმინგემში კვირაში 100 000 გირვანქას იღებს, 2018 წელს „ტოტენჰემში” გადასვლასთან იყო ახლოს, მაგრამ „ვილას” პატრონებმა ტრანსფერი დაბლოკეს.
გრილიშის სურვილი, ევროპულ სარბიელზე მოსინჯოს ძალა, გასაგებია, მაგრამ ბირმინგემელებს სურთ, რომ ფეხბურთელმა მთელი კარიერა ბავშვობის კლუბში გაატაროს.
„ვესტ ჰემთან” 1:1-ისა და პრემიერლიგაში დარჩენის შემდეგ, მწვრთნელმა დინ სმიტმა ფეხბურთელები დასალევად წაიყვანა, მეორე დღეს კი, როდესაც talkSPORT-მა გრილიშის წასვლა-დარჩენაზე ჰკითხა, ასე უპასუხა:
„გუშინ, რამდენიმე ჭიქა დავალევინე და ხუთწლიან კონტრაქტზე მოვაწერინე ხელი, მაგრამ საქმე ჯერ დასრულებული მაინც არ არის. ხელშეკრულება სასმელის ბოთლზე გავაფორმეთ, ოღონდ ჩემსაზე თუ მისაზე, აღარ მახსოვს.
ჯეკი საუცხოო ბიჭია. მასთან ერთად ყველაფერი სასიამოვნოა, მუშაობაც და დროს ტარებაც. ბედნიერი ვარ, ის გოლი რომ გაიტანა და პრემიერლიგაში დაგვტოვა”.
„ვილას” მწვრთნელი იმ საღამოს ისე დათვრა, რომ შინ კი არ წავიდა, ოფისში მიბრუნდა და იქ დაიძინა.
„რომელ საათზე დავიძინე? რა მახსოვს, — თქვა სმიტმა, — ერთი ვიცი, რომ მძიმედ ვარ. ძალიან ბევრი დავლიე. ბაზაზე მივბრუნდი და იქ, ოფისში მეძინა. ზეიმის საბაბი კი ნამდვილად გვქონდა. სეზონის განმვალობაში სულ მცირე ათჯერ მაინც გამოგვაცხადეს გავარდნილებად, მაგრამ არ დავნებდით და მდგომარეობა გამოვასწორეთ. ახლა ბიჭებს სამკვირიანი არდადეგები გამოვუცხადეთ, მე, აღმასრულებელი შეფი და მეპატრონეები კი სამსახურში სიარულს ვაგრძელებთ. სატრანსფერო ბაზარზე გონივრული ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება”.