ვერ გავიგე, რას ველოდებოდი მთელი წელიწადი.
ალბათ სულელი ვარ, მაგრამ მართლა ვერ გავიგე.
ჩემპიონთა ლიგის ფინალს მშვიდად ვუყურებ, რადგან არცერთ იქ გასულ გუნდს არ ვგულშემატკივრობდი.
მიუნხენში მაღალი კლასი იყო, მაგრამ მე მაინც ვერაფერი გავიგე.
ალბათ იმიტომ, რომ კლასი იყო მაღალი.
აი, 26 მაისს თბილისის სტადიონზე კი ყველაფერი გავიგე.
რაც ფეხბურთს ვუყურებ, „იუვესთვის“ ერთადერთხელ მიქომაგია, „დორტმუნდის“ წინააღმდეგ და „დორტმუნდისათვისაც“ ერთადერთხელ მიქომაგია, ასევე „იუვენტუსის“ წინააღმდეგ.
ახლა ვერცერთს ვერ მივუდექი და ალბათ ამიტომაც ვერ გავიგე ვერაფერი.
რომელიმეს მხარეს რომ ვყოფილიყავი, ეგებ თამაში საუცხოო, საშიში და ჯიგრიანი მომჩვენებოდა.
მანამდე კი ასე იყო:
თებერვლიდან მოკიდებული „სარბიელში“ შემოვივლიდი და აქაური „იუვეს“ ფანებს შევეხუმრებოდი:
- მოემზადეთ, იუვეს “FAREWELL SEASON” აქვს.
ე.ი. გვეთხოვება-მეთქი.
ამის შემდეგ „რეზონანსის“ რედაქციაში გავივლიდი და იქ მყოფ რამდენიმე გერმანელთა თაყვანისმცემელს შევეტაკებოდი: „დორტმუნდის“ ფასი კაპეიკია-მეთქი.
ამაში იყო ერთგვარი გართობა.
მაგრამ მაინც ვერ გავიგე, რას ველოდებოდი მთელი წელიწადი.
კარლ ჰაინც რიდლეს ნამდვილად არ ველოდებოდი.
„დორტმუნდი“ უაღრესად ღირსეული გამარჯვებულია.
შინაგანად, ყოველთვის იმ გუნდის მოგება უფრო მიხარია, რომელიც უბრალოდ და სადად თამაშობს. არაერთხელ დამიწერია, რომ რაც ფეხბურთში მათემატიკის მასწავლებლები, ასტროფიზიკოსები და გინეკოლოგები მოვიდნენ მწვრთნელებად, საქმე გართულდა. უპირველესად კი გამოჩნდა ერთგვარი დემონური ძალა, ჯიგარი კი დაიკარგა. კლასი ამაღლდა და სილამაზე გაქრა. „შტუტგარტ“ – „ბაიერნის“ თამაში უფრო მიმზიდველი და საინტერესო საცქერია, ვიდრე „რეალ“– „ბარსას“ ჭიდილი. პირველ შემთხვევაში მოედანზე ორი კინკილა ვარსკვლავი და 20 კარგი ფეხბურთელია, მეორეში კი პირიქით, მეორეში უმაღლესი კლასია, თამაში კი არ არის. თამაში, სწორედ ის, რასაც „თამაში“ ქვია, ოდინდელი გაგებით.
ის დრო აღარ დაბრუნდება – საფრანგეთის ნაკრებში ამიერიდან სულ მაკალელეები და ნგოტები ითამაშებენ.
„დორტმუნდი“ კი ერთი ჯიგრიანი, ვაჟკაცური გუნდია – ადგა და მოუგო ფილოსოფოსებს, „ვინტ-ბოლტ-გაიკების, ვზაიმასტრახოვკების, გრუპავოი ატბორების, არითმიების, პლავნი და ნიგლიაძია პერეხოდების, ფუნქციონალნი პოლივალენტობის და აბხადნოი მიაჩის „დიდოსტატებს“.
ლიპი მცველი იყო, ჰიცფელდი თავდამსხმელი. აქაც არის ერთგვარი ინტერესი.
„იუვე“ თავისსავე დანთებულ კოცონში ჩაიწვა – ვეღარ გაუძლო და ვეღარც უნდა გაეძლო, თუკი სადმე საფეხბურთო ლოგიკა არსებობს. სწორედ ბოლო, უდიდეს თამაში წაიქცა.
ესეც არ იყოს, „დორტმუნდის“ ბებრები, თუ ახალგაზრდები, ნაღდი ვარსკვლავები არიან. მათ არაერთხელ, სულ სხვა გუნდებშიც დაუმტკიცებიათ, რანი არიან. „იუვენტუსის“ მთავარი გმირები კი პირადად ლიპიმ შარშან ზაფხულში გააკეთა და გაკეთებული ყოველთვის ფუჭდება.
ვფიქრობ, „დორტმუნდს“ ნაღდად ეკუთვნოდა თასი – უფრო სწორად, ფინალში მან სავსებით დაიმსახურა ეს თასი.
თუმცა, მე მაინც ვერ გავიგე, რას ველოდები მთელი წელიწადი?
კასპაროვის და კომპიუტერის თამაშის მსგავს რამეს ხომ არა?
ხალხნი ვართ, ლაღი თამაში გვიყვარს. ფილოსოფიას წიგნშიც ამოვიკითხავთ.
31.05.1997