მაურიციო სარიმ „იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონი გახადა. მისთვის ეს იყო ამა თუ იმ ქვეყნის ჩემპიონატში პირველი წარმატება, პირველი ტიტული. კიდევ, სარი გახდა ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი, ვისაც სკუდეტო მოუპოვებია — ის 61 წლისა და 6 თვისაა. მანამდე კი მას დიდი ჯილდო „ჩელსისთან” ერთად ჰქონდა მოგებული — 2019 წლის გაზაფხულზე დასავლეთლონდონელების თავკაცის რანგში ევროლიგაში გაიმარჯვა.

მოგეხსენებათ, მაურიციო სარი სიგარეტის თავგადაკლული მწეველია. ალბათ ამიტომაც გავარდა გასახდელისკენ თავქუდმოგლეჯილი, როგორც კი „სამპდორიასთან” შეხვედრის (2:0) საფინალო სასტვენის ხმა გაისმა. მოწევა უნდოდა, მაგრამ ფეხბურთელებმა არ გაუშვეს და… გაწუწეს.

„რასაკვირველია, დიდებული განცდაა, — თქვა მან შემდეგ, — გამარჯვება ძალიან ძნელი საქმეა, მიღწეულის შენარჩუნება კი კიდევ უფრო ძნელი. სპორტში ყველაზე დიდი ტყუილი ისაა, თითქოს, ვინმეს რამე გარანტირებული აქვს.

ჩვენ პარკში არ გვისეირნია. ეს იყო ხანგრძლივი, რთული, სტრესებით სავსე მარათონი და ჩემი გუნდი ნამდვილად იმსახურებს ქებას იმის გამო, რომ ზედიზედ რვა მოგების შემდეგ კიდევ შეინარჩუნა გამარჯვების წყურვილი.

მატჩის შემდეგ მოედნიდან რატომ გავიქეცი? მინდოდა თავზე წყლის გადასხმას გადავრჩენილიყავი. ვხედავდი, რომ მიმზადებდნენ, მაგრამ ვერ მოვახერხე”.

შეხვედრის პირველ ტაიმში პაოლო დიბალა დაშავდა და ის გონსალო იგუაინმა შეცვალა.

სარი: „ჯერ გამოკვლევებია ჩასატარებელი, მაგრამ კუნთის პრობლემა ჩანს”.

„იუვენტუსი” გახდა ევროპის ხუთი უძლიერესი ლიგის გუნდებს შორის პირველი, ვინც ზედიზედ ცხრაჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული.

„მოედანზე კრიშტიანუ რონალდუ და პაოლო დიბალა გამოირჩევიან, მაგრამ მათ უკან მთელი კლუბია. ყველას თავისი წვლილი შეაქვს. ჩვენ გვყავს პრეზიდენტი და დირექტორები, რომლებიც ყოველდღე ესწრებიან ვარჯიშებს. ჩვენ მუდმივად ვცვლით იდეებს. ისინი გვეკითხებიან, რამე ხომ არ გვჭირდება. ყოველწამს მზად არიან კლუბის ავზი საწვავით შეავსონ. „იუვენტუსი” ამდენი წლის განმავლობაში იმიტომ იმარჯვებს, რომ ხელმძღვანელები წაგების შემდეგაც კი მხარში უდგანან ფეხბურთელებს.

საორგანიზაციო თვალსაზრისით „იუვენტუსს” ევროპაში ბადალი არ ჰყავს. აქ მოსული ადამიანი ისეთ გარემოში ხვდები, რომ დამატებით ვეღარაფერს მოითხოვ. რასაკვირველია, შეგუებას დრო სჭირდება, მიდგომებს ალღო უნდა აუღო, მიხვდე სად ხარ და რა ხდება, მაგრამ ერთი ხნის შემდეგ უკვე შეგიძლია შენი იდეების განხორციელებას შეუდგე.

აბა, როგორ შეიძლება, პირდაპირ შეხვიდე კლუბში, რომელიც ზედიზედ რვაჯერ გახდა ჩემპიონი და ცვლილებები მოითხოვო. ასე რომ გამეკეთებინა, ჩემი მხრიდან მაინცდამაინც ჭკვიანური საქციელი ვერ იქნებოდა”.

სარი „ბებერი ქალბატონის” თავკაცის თანამდებობაზე მასიმილანო ალეგრის შემცვლელად მივიდა. მისი ამოცანა გუნდის თავდასხმის გამრავალფეროვნება იყო.

სარი: „გარკვეული ტაქტიკური სირთულეების წინაშე ვიდექით, რადგან დიბალას და რონალდუს ერთად თამაში ხშირად არ უწევდათ. წინა წლებივით გარანტირებული არაფერი იყო. ეს მტკიცე ხასიათების მქონე ძლიერი მოთამაშეები ერთად უნდა აგვემოქმედებინა.

რონალდუ და დიბალა მსოფლიო კლასის ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათი ხასიათის პატრონების შეხმატკბილებულად ათამაშება რთული საქმე გახლდათ. ჩვენ ამაზე ბევრი ვიმუშავეთ და ვფიქრობ მიზანს მივაღწიეთ”.

შემდეგ სარიმ თქვა, რომ რაღაც მომენტში მოთამაშეებთან კამათიც მოუხდა.

„ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად ასეთი რაღაც ყველა გუნდში ხდება, განა ასე არ არის? ჩვენ სირთულეებიდან გამოსავლის პოვნას ვცდილობდით და ვდაობდით. ამას თანამშრომლობა ჰქვია. საბოლოოდ კი, დასახულ მიზანს მივაღწიეთ” — თქვა მწვრთნელმა, რომელსაც შემდეგ ჰკითხეს, თამაშის დასრულების შემდეგ, ზეიმის დროს ფეხბურთელებს რა უთხარითო.

„მე მათ ვუთხარი, რომ რაკი ჩემი ხელმძღვანელობითაც კი გახდნენ ჩემპიონები, ესე იგი მართლა მაგრები ყოფილან. მე ხომ ადრე ჩემპიონის ტიტული არ მომიგია.

პირველ დღეს, როდესაც გასახდელში შედიხარ, ხედავ არა მხოლოდ ვარსკვლავებს, არამედ ადამიანებს. შემდეგ დრო გადის და ურთიერთობა სულ მეტად და მეტად პროფესიული და იმავდოულად მეგობრული ხდება.

მე კი პირველ დღეს, გასახდელში რომ შევედი, დავინახე დიდი ვარსკვლავები, მაგრამ დრო გავიდა და აღმოვაჩინე, რომ უბრალოდ კარგ ბიჭებთან მქონია ურთიერთობა”.

სახალისო იყო, რომ Sky Sport Italia-თან ამ ინტერვიუს დროს მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ მაურიციო სარის ანთებული სიგარეტი მოუტანა.