დავიდ დე ხეა შეცდომას შეცდომაზე უშვებს

როდესაც გაიგო „მანჩესტერ იუნაიტედი” სლოვენიელი მეკარის იან ობლაკის საყიდლად ჩალიჩობსო, ინგლისურ პრესას სიხარულისგან „ბითლზის” მხიარული სიმღერა „ობლადი ობლადა” გაახსენდა და მხიარულადვე გადააკეთა.

„ატლეტიკოს” კარის მცველს „ჩელსიც” გარშემო უვლის — კეპა არისაბალაგას შეცვლა უნდა.

და მაინც, „იუნაიტედი” უფრო მოწადინებულია. საქმე ის არის, რომ მანჩესტერელთა მეკარემ დავიდ დე ხეამ ამ ბოლო დროს უხეში შეცდომები მოამრავლა.

„ატლეტიკოს” უწერია, რომ ობლაკის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონი ევროა.

ვინმემ შეიძლება იკითხოს, თუ რატომ დათანხმდებიან მადრიდელები ძლიერი სლოვენიელი გოლკპერის გაყიდვას. პასუხი მარტივია: covid 19-ის პანდემიამ კლუბს ეკონომიკურად დაარტყა და სატრანსფერო ბაზარზე წასაღები ფული სჭირდება.

თავად ობლაკიც არ იტყვის უარს ამბიციურ კლუბში გადასვლაზე. 27 წლის გოლკიპერი ექვსი წელია „ატლეტიკოს” კარს იცავს და ჩემპიონის მედალი არ მოუგია. სხვა საქმეა, რამდენად მოახერხებს ამას „მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად.