Surkis explained why he had appointed Lucescu — Odessa NewsLucescu becomes fifth coaching centurion | UEFA Champions League ...მესამე დღეა, უკრაინის საფეხბურთო სამყარო ერთადერთი კითხვით და მილიონი სავარაუდო პასუხით დუღს – რაში დასჭირდა იგორ სურკისს კიევის „დინამოს“ მწვრთნელად 75 წლის მირჩა ლუჩესკუს დანიშვნა?
შეგახსენებთ, რუმინელი სპეციალისტი 2004-2016 წლებში „დინამოს“ დაუძინებელი მტრის, დონეცკის „შახტარის“ თავკაცი იყო და 12 წელიწადში 8-ჯერ ჩემპიონობა, 6-ჯერ ქვეყნის თასი და ერთხელაც უეფას თასი მოაგებინა. მიუხედავად ამისა, 2016 წელს დონბასური კლუბის პატრონმა, რინატ ახმეტოვმა, ფაქტობრივად, გუნდიდან გააგდო.
„შახტარში” მუშაობის წლებში ლუჩესკუს ბევრი „ტკბილ-ტკბილი“ აქვს ნათქვამი კიეველთა მისამართით, რაც გუნდის ფანებს არ დავიწყებიათ. ამიტომ იყო, იგორ სურკისს ნამდვილი ობსტრუქცია რომ მოუწყვეს და ყოველთვის სიტყვაძუნწი ბიზნესმენი გააცოფეს.
„არჩევანს მიწუნებთ? თქვენთვის უნდა მეკითხა? მე ამ გუნდს მილიარდნახევარი დოლარი მივახარჯე (აქ გაცილებით მძაფრი სიტყვა იხმარა). მოიტანეთ მილიარდნახევარი და მერე გკითხავთ, ვინ დავნიშნო მთავარ მწვრთნელად. მირჩა დონეცკიდან გააგდეს. ის გაბრაზებულია და უნდა დაუმტკიცოს ახმეტოვს, რომ ის მართალი არ იყო. მე მას თვალებში ჩავხედე და ვენდე. რაც შეეხება რჩევას, ეს ჩემი ბიზნესია და თუ ბიზნესში რჩევა დამჭირდა, უფროს ძმას (გრიგორის) დავეკითხები,” – განაცხადა იგორ სურკისმა.
ბუნებრივია, მის სიტყვებში არის გარკვეული ლოგიკა, მაგრამ როგორც წესი, ფანებთან ღია ომზე არ მიდიან ხოლმე. სურკისმა და ლუჩესკუმ უკან დასახევი გზა მოიჭრეს.