„ლივერპულმა” „ჩელსის” 5:3 მოუგო! ამ საღამოს, როდესაც იურგენ კლოპის ბიჭებმა „ენფილდ როუდზე”, პრემიერლიგის ჩემპიონის თასი  მეგობრებისა და ოჯახის წევრების წინაშე აღმართეს, ფრენკ ლემპარდმა საბოლოოდ დაალაგა ყველაფერი: კვირას, ბოლო ტურში, „ლურჯებს” შინ, „ვულვერჰემპტონთან” ერთი ქულაც აწყობთ, ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება რომ მოიპოვონ. ამ თამაშიდან ექვს დღეში კი „ჩელსი” ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში „არსენალს” ხვდება.

თუკი დასავლეთლონდონელები ამ ერთ ქულასაც მოიპოვებენ და თასსაც მოიგებენ, ლემპარდს შეეძლება თქვას, რომ საყვარელი კლუბის თავკაცის რანგში, პირველსავე სეზონში წარმატებას მიაღწია. მეორე მხრივ, თუკი „ჩელსი” ორივე მატჩში დამარცხდება, „სტემფორდ ბრიჯის” ლეგენდა ვერც კლუბის მიერ გადატანილი სატრანსფერო დისკვალიფიკაციით გაიმართლებს თავს, ვერც ახალგაზრდობასთან წარმატებული მუშაობით დაამშვიდებს ვინმეს და ვერც თავის განთქმულ სახელს ამოეფარება.

ნაბი კეიტას, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდისა და ჯორჯინიო ვეინალდუმის გოლების წყალობით „ლივერპული” 3:0 დაწინაურდა, მაგრამ სტუმრებმა ივაჟკაცეს და ლამის დრამატული „ქამბექი” მოახერხეს. პირველი ტაიმი რომ მთავრდებოდა, მსაჯის წამატებულ წუთებში ოლივიე ჟირუმ შეაგდო ერთი გოლი, ოღონდ, შესვენების შემდეგ რობერტო ფირმინომ „ლივერპულის” სამბურთიანი უპირატესობა დააბრუნა. ცნობისათვის: ფირმინომ მიმდინარე სეზონში როგორც იქნა „ენფილდზეც” გაიტანა.

ამის შემდეგ, „ჩელსის” ამერიკელი ვარსკვლავის, კრისტიან პულიშიჩის დრო დადგა. 21 წლისამ ჯერ ტამი აბრაჰამს გაატანინა, შემდეგ კი თავად შეაგდო, მაგრამ თამაშს წერტილი ალექს ოქსლეიდ ჩემბერლენმა დაუსვა. — 5:3.

ინგლისური პრესა წერს, რომ „ჩელსის” პრობლემა დაცვაშია. „ლურჯებს” ოთხეულში ადგილი აქამდე ექნებოდათ დაბევებული, რომ არა ცუდი სტატისტიკა: მათ, მიმდინარე სეზონში, სტუმრად, მხოლოდ ერთხელ მოახერხეს კარის დაცვა ანუ გოლის არ-გაშვება.

„ენფილდს” მიღმა კი…

და თუკი ზაფხულში „ჩელსი” დაცვას არ გააძლიერებს, კლოპისთვის ლონდონის ეს გუნდი, არც მომდევნო სეზონში იქნება კონკურენტი.

სხვათა შორის, ლემპარდს შეუძლია წაგებითაც მოხვდეს ოთხეულში. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „ლესტერისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” „ექვსქულიანი” შეხვედრა მათთვის ხელსაყრელი ანგარიშით დამთავრდება.

„ლივერპულთან” დამარცხების შემდეგ ლემპარდმა Sky Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა: „მე იურგენ კლოპთან პრობლემა არ მაქვს. მან თავისი გუნდი ფანტასტიკურად მოამზადა, მაგრამ „ლივერპულის” სათადარიგოთა სკამს მოვუწოდებ ზედმეტ ამპარტავნობაში ნუ გადაეშვებიან. ემოცია თამაშზე დახარჯე და მორჩი. მოედანს მიღმა ნუღა გაგაქვს”.