მაიკ ტაისონს აბა, რა დიდი წარდგენა სჭირდება. ყველა დროის ერთ-ერთმა უდიადესმა და უსკანდალურესმა მძიმეწონოსანმა მოკრივემ ბოლო ბრძოლა 2005 წლის 11 ივნისს გამართა. როცა ყველას ეგონა, გიჟმაჟი მაიკი დაღვინდაო, 54 წლის ასაკში რინგზე დაბრუნება გადაწყვიტა და სასურველ მეტოქედ ისეთი კაცი დაასახელა, პრომოუტერ დონ კინგს ბევრი მილიონის მოლოდინში თმები ყალყზე დაუდგა.
როი ჯონსი მაიკზე 4 წლით უმცროსია და კარიერა მხოლოდ შარშანწინ დაასრულა. ხუთ სხვადასხვა წონაში მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მფლობელმა ამის შემდეგ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.
როის რუსი წინაპრების პოვნის იმედად გენეალოგიური ხის შედგენა არ დაუწყია – რუსეთში საშემოსავლო გადასახადი დაბალია, რის გამოც ჟერარ დეპარდიეს და სტივენ სიგალის გზას დაადგა.
ისევ კრივს დავუბრუნდეთ. „არ მეგონა, თუ ოდესმე რინგზე დავბრუნდებოდი, მაგრამ მაიკი ნამდვილი ლეგენდაა. მან დაბრუნება გადაწყვიტა და სასურველ მეტოქედ თავადვე დამასახელა. ასეთ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ,“ – თქვა როი ჯონსმა.
ამჟამად ორი მოკრივის ბანაკი საორგანიზაციო საკითხების განხილვის პროცესშია.