„რეალი” ლა ლიგის ჩემპიონატის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე გახდა ესპანეთის ჩემპიონი. „თეთრების” წარმატებაში არცთუ მცირე წვლილი შეიტანა 20 წლის ბრაზილიელმა ვინისიუს ჟუნიორმა, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე” უკვე მეორე სეზონი ჩაამთავრა.

ნათამაშებ წუთებს თუ დავაჯამებთ, ბრაზილიელი მიმდინარე სეზონში „რეალის” მეთორმეტე ფეხბურთელია. მან მოედანზე 1264 წუთი დაჰყო. მართალია, ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ სამი გოლი გაიტანა, მაგრამ ეს გოლები მნიშვნელოვანი იყო, თამაში კი გუნდისთვის სასარგებლო.

გავიხსენოთ ვინისიუს ჟუნიორის რამდენიმე ჰაილაითი. დავიწყოთ, არც მეტი არც ნაკლები, „ელ კლასიკოში” ანგარიშის გახსნით — ვინისიუსმა მადრიდში, 2:0 მოგებულ შეხვედრაში, პირველი გოლი შეაგდო (იხილეთ ვიდეო); მანვე მიაწოდა ქარიმ ბენზემას საგოლე პასი „ატლეტიკოსთან”, როდესაც ბენზემამ გამარჯვების გოლი გაიტანა და 24 ივნისს „მალიორკასთან” გახსნა ანგარიში.

საინტერესოა, რომ ვინისიუსი ედენ აზარის შემდეგ „რეალის” მეორე დრიბლიორია. ის ყოველ 28,72 წუთში ერთხელ აწყობს ლოგიკურად დასრულებულ ინდივიდუალურ გარღვევას.

ორ სეზონში ვინისიუს ჟუნიორმა სამი ტიტული მოიგო: მსოფლიოს კლუბთა თასსა და ესპანეთის სუპერთასს აგერ, ახლახან, ესპანეთის ჩემპიონის ტიტულიც მიაყოლა.

ლა ლიგაში გამარჯვების შემდეგ ბრაზილიელი სიხარულს ვერ მალავდა:

„სან გონსალუში, ფაველაში გავიზარდე და 20 წლისას მსოფლიოს უდიდეს კლუბში უკვე სამი ტიტული მაქვს მოპოვებული. ვინ წარმოიდგენდა, რომ ჯილდოებს ვინ ჩივის, მე ამ მაისურს ოდესმე ჩავიცმევდი.

მგონი ცუდი შედეგი არ უნდა იყოს…

ესპანეთის ჩემპიონობა განსაკუთრებული ტიტულია, ჩემს კარიერაში საგანგებო, ურთულეს დროს მოპოვებული.

ისიც ვიცი, რომ მოწინააღმდეგეებზე გაცილებით მეტი ადამიანი მიჭერს მხარს.

ვაპირებ ყოველდღე მეტი და მეტი ვივარჯიშო, მეტად და მეტად მოვიკრიბო ყურადღება, რათა ისტორიის შექმნაში მივიღო მონაწილეობა”.