„რეალმა” ოცდამეთოთხმეტედ მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონის წოდება! ეს მას მერე გახდა ცნობილი, რაც მადრიდელებმა „ვილიარეალს” 2:1 მოუგეს.
ამ შეხვედრაში ორივე გოლი ქარიმ ბენზემამ გაიტანა. ზინედინ ზიდანის გუნდმა 2016-17 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოიგო ლა ლიგის ტიტული.
„რეალი”, რომელმაც covid 19-ის პანდემიით გამოწვეული კარანტინის შემდეგ ათი შეხვედრიდან ათივეში გაიმარჯვა, „ბარსელონასთან” შედარებით ახლა უკვე ათით მეტად გამხდარა ქვეყნის ჩემპიონი. არადა, პირველობის შეწყვეტამდე კატალონიელები ცხრილში ორი ქულით წინ იყვნენ.
„ბლაუგრანასთვის” განსაკუთრებით სამწუხარო ალბათ ის იყო, რომ იმ დღეს, როდესაც „რეალი” ჩემპიონი გახდა, მან შინ წააგო „ოსასუნასთან” (1:2). თან, მეტოქემ კატალონიელებს გამარჯვების გოლი თამაშის ბოლოწამს, მსაჯის წამატებულ 90+4 წუთზე გაუტანა, როდესაც მოედანზე უკვე მთელი 17 წუთის განმავლობაში კაცნაკლული დარბოდა.
ზემოთ ზიდანი ვახსენეთ და ვთქვით, რომ ეს იყო მისი მეორე ესპანური ტიტული. სულ კი ფრანგმა მადრიდში, მწვრთნელის რანგში ჩატარებულ 209 შეხვედრაში „თეთრებს” 11 ჯილდო მოაგებინა — საშუალოდ, თითო ჯილდო ყოველ 19 მატჩში.
შედარებისთვის, „რეალის” ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელის მიგელ მუნიოსის მონაგარი 605 შეხვედრაში 14 ტიტულია.
მადრიდელთა ისტორიაში ხუთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელიდან მხოლოდ ერთი არ იყო წარსულში „ლოს ბლანკოსის” ფეხბურთელი. ეს გახლდათ ლეო ბეენჰაკერი. დანარჩენებს — მუნიოსს, ზიდანს, ვისენტე დელ ბოსკეს და ლუის მოლოუნის — ახალგაზრდობაში ლეგენდარული თეთრი ფორმა ეცვათ, თუმცა მათ შორის ზიდანი, ცხადია, გამორჩეული ვარსკვლავი იყო.
შესაბამისად, ბეენჰაკერის გარდა, ხსენებული ოთხეული როგორც ფეხბურთელობის, ასევე მწვრთნელობის დროს გამხდარა ესპანეთის ჩემპიონი.
ზიდანი: „დღეს განსაკუთრებული გრძნობა დამეუფლა, რადგან მახსენდება თუ რა დიდი სამუშაო გაწიეს ჩემმა ფეხბურთელებმა. ამ სიხარულს სიტყვებით ვერ გამოვხატავ. ჩემპიონთა ლიგა ჩემპიონთა ლიგაა, მაგრამ ლა ლიგის მოგებამ გაცილებით მეტად გამახარა. ლა ლიგა გასაოცარი შეჯიბრებაა.
ყველაფერი მარტივადაა: ჩვენ საუკეთესოები ვიყავით, რადგან ყველაზე მეტი ქულა დავაგროვეთ. რაც პროფესიულ ფეხბურთში ვარ დღეს ერთ-ერთი საუკეთესო დღე გამითენდა. რასაკვირველია, მე ჩემი როლი მქონდა, მაგრამ მოედანზე ფეხბურთელები იბრძვიან და მთავარი გმირებიც სწორედ ისინი არიან. ჩვენ ძლიერი პიროვნებების, გამოკვეთილი ხასიათის მქონე ადამიანების გუნდი გვყავს.
უცნაური მხოლოდ ის არის, რომ ახლა ძალიან გვინდა სიბელესის მოედანზე ჩვენს ფანებთან ერთად ვიზეიმოთ, მაგრამ ვერ ვახერხებთ. მწამს, ისინი ტელევიზორებთან ბედნიერები არიან”.