„რეალი” ჩემპიონი გახდა, რასაც „ოსასუნასთან” „ბარსელონას” 1:2 მარცხი დაემთხვა. კატალონიელებმა მთავარ მეტოქესა და მოქიშპეს თითქოს საგანგებო საჩუქარი მოუმზადეს. თან შინ, „კამპ ნოუზე” წააგეს. თავისი გუნდის ასეთი უსუსრობა მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელელმა ლეო მესიმ ვერ აიტანა და მატჩის შემდეგ კრიტიკული სიტყვები არ დაიშურა.
არგენტინელმა ამ შეხვედრაში ჯარიმა შეასრულა შესანიშნავად, გოლი შეაგდო, მაგრამ მარტო რას გახდებოდა. მან თქვა, რომ თუკი გუნდს ჩემპიონთა ლიგაში წარმატება სურს, სასწრაფოდ უნდა შეცვალოს თამაშის სტილი და გააუმჯობესოს ხარისხი. მესიმ დასძინა, რომ გულშემატკივარი გაწბილებულია. კულეები ლა ლიგის ტიტულის ასე დათმობას ვერ შეეგუებიან, მითუფრო, რომ ლა ლიგაში ჩავარდნას წინა წლებში ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულთან” და „რომასთან” ორი მწარე მარცხი და შეჯიბრებიდან გავარდნა უსწრებდა.
„დღევანდელმა შეხვედრამ თითქოს მთელი წელიწადი შეაჯამა, — თქვა მესიმ სატელევიზიო კომენტარში, — ჩვენ არასტაბილურად, სუსტად ვითამაშეთ. მადრიდმა ყველა მატჩი მოიგო, თავისი გასაკეთებელი გააკეთა, მაგრამ მის წარმატებაში ჩვენც შევიტანეთ წვლილი. ახლა, საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული განწყობა გვჭირდება და ეს კრიტიკა უნდა შეეხოს ყველას, ფეხბურთელებსა თუ კლუბის თანამშრომლებს. ჩვენ ჩემპიონობა საკუთარი შეცდომების გამო დავკარგეთ და არა იმიტომ, რომ „რეალმა” ითამაშა კარგად.
დღევანდელი „ბარსელონა” სტოვებს შთაბეჭდილებას გუნდისას, რომელიც ინდომებს, მაგრამ ვერ თამაშობს. პირველ ტაიმში „ოსასუნამ” გვაჯობა. ეტყობა, თავიდან მეტოქე უნდა დაწინაურდეს, რომ ჩვენ ძალები მოვიკრიბოთ და სწორი საპასუხო რეაქცია გვქონდეს.
„რომა”… „ლივერპული”… გულშემარკივარი მოთმინებას კარგავს. დრო გადის, ჩვენ კი მათ ვერაფერს ვჩუქნით. ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა გვინდა? მაშინ სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს ბევრი რაღაც. თუ ასე ვითამაშებთ, „ნაპოლი” მოგვიგებს”.