ორშაბათს პატარა ინგლისური გუნდი „უიკომბი“ არსებობის 133-წლიან ისტორიაში პირველად აღზევდა ჩემპიონშიფში (რანგით მეორე დივიზიონში).
გადამწყვეტ შეხვედრაში „უიკომბმა“ 2:1 დაამარცხა „ოქსფორდი“. ნამატჩევს ჟურნალისტებმა „უიკომბის“ სიმბოლოდ ქცეული ფეხბურთელი მოიქციეს ალყაში. ადებაიო აკინფენვუ ოფიციალურად ითვლება მსოფლიოში ყველაზე დიდი გაბარიტების მქონე პროფესიონალ ფეხბურთელად. 38 წლის ადებაიო 185 სმ. სიმაღლისაა და 110 კილოგრამზე მეტს იწონის. წარმოიდგინეთ მეტოქე მცველების თავზარი, როცა ამპლუით ფორვარდი ეს არმაგედონი მათკენ მიექანება. გუნდში შესაბამისი მეტსახელიც აქვს – „ცხოველი.“
ადებაიო ნამატჩევს სიხარულით ტიროდა და ერთადერთი რამ ინატრა – ეს წარმატება იურგენ კლოპმა მომილოცოსო…
ადებაიომ, ბუნებრივია, ქსელშივე გამოაქვეყნა, როგორ ეცნობა კლოპის მილოცვას და კომენტარიც გააკეთა: „ეს სიგიჟეა! ის ხომ ნამდვილი ლეგენდაა და მე მომილოცა! ეს დღე ვეღარაფრით გახდება უფრო ბედნიერი.“