ზოგადად, ყოველთვის იმის მომხრე ვიყავი, რომ პოლიტიკოსები არ ჩარეულიყვნენ სპორტულ სამყაროში მიმდინარე პროცესებში. არ გამოდის. არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ გამოდის. ეს თავისთავად ცუდია, მაგრამ მთლად უბედურებაა, როცა სპორტზე საუბარს ამ სფეროდან მილიონი სინათლის წელიწადით დაშორებული ადამიანები იწყებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს პირველ ლეიბორისტზე მაქვს საუბარი.

ორი დღე ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა და მივეცი ჩემს თავს უფლება. თუნდაც იმიტომ, რომ 15 წლის წინ საფეხბურთო თემაზე ინტერვიუ მაქვს მისგან აღებული. ფეხბურთთან და ზოგადად სპორტთან რომ მწყრალად არის, წინასწარ გამაფრთხილეს, მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ჰოდა, ახლა მისთვის უღრანი ტყე რომ არის, იმ თემებში რატომ უნდა შეიჭრას კაცი? ერზე და მამულზე ჭმუნვის გამო ითხოვ საერთაშორისო იზოლაციას თუ საერთაშორისო ასპარეზზე მხოლოდ ლეიბორისტული პარტბილეთის მქონე სპორტსმენები დაუშვან?
რატომ არ უნდა გაზომო წინასწარ, რომ ასეთი განცხადების შემდეგ სპორტულ სამყაროში რეიტინგს თავად ინულებ? ასეთი განცხადებებით ქვეყანას მტრობთ…