ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია მოსკოვის ცეესკას კალათბურთელია. რუსულმა კლუბმა საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა კონტრაქტის დეტალები – საქართველოს ნაკრების კაპიტანი რუსული არმიის გუნდში 3 წელიწადი დარჩება.
„თოკო შთამომავლობით კალათბურთელია. მამამისი, კახა სსრკ-ს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა და მისი ქვეყნის ისტორიაში ერთერთ საუკეთესო კალათბურთელად ითვლება. შენგელიამ საკალათბურთო განათლება, ფაქტობრივად, ესპანურ „ვალენსიაში“ მიიღო, სადაც ძალიან ახალგაზრდა ასაკში მოხვდა. შემდეგ ადაპტირებას გადიოდა ბელგიაში, სადაც ამერიკელი სკაუტების თვალთახედვის არეში მოხვდა.
2012 წლის დრაფტზე „ფილადელფიამ“ ქართველი 54-ე პიკად აიყვანა და მალევე გაუცვალა „ბრუკლინს“. 2 წლის განმავლობაში ცდილობდა თოკო NBA-ში დამკვიდრებას, იმაღლებდა ოსტატობას G ლიგაშიც, მაგრამ მიიღო გადაწყვეტილება ევროპაში დაბრუნებულიყო. ბოლო ექვსი წელიწადი „ბასკონიაში“ თამაშობდა, სადაც დამსახურებულად მიიღო კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მძიმე ფორვარდის სტატუსი“, – წერია არმიელთა ვებ-გვერდზე.
ცეესკას კალათბურთელის რანგში თოკომ პირველი კომენტარიც გააკეთა:
„მოხარული ვარ, რომ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ვითამაშებ და ერთი სული მაქვს მოთამაშეთა ამ შესანიშნავ ჯგუფსა და სამწვრთნელო შტაბს როდის შევუერთდები. იმედია, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და რუსეთის ჩემპიონატში ბევრ წარმატებას მივაღწევ“, – განაცხადა 28 წლის ქართველმა.
თოკოს გუნდში გადასვლას „დიდი ტრანსფერი“ უწოდა მოსკოველთა მთავარმა მწვრთნელმა, ბერძენმა დიმიტრიოს იტოუდისმა:
„ვფიქრობ, ჩვენ დიდი ტრანსფერი გავჩარხეთ, ასე რომ, კლუბსა და მის ყველა წარმომადგენელს ვულოცავ. ასევე ვულოცავ თოკოს, რადგან ცეესკა-ში გადმოსვლის დიდი სურვილი ჰქონდა. მივესალმები ჩვენს გუნდში და ვიცი, რომ მისი ცეესკა-ს შემადგენლობაში მისი ხილვით ფანები ბედნიერები არიან“.