„რეალმა” ისევ მოიგო; ისევ სერხიო რამოსის პენალტით. ესპანეთში, „ბარსელონას” მხარდამჭერმა მედიამ ისევ ჩივილი დაიწყო.
მსაჯმა გონსალეს გონსალესმა პენალტი VAR-ის მითითებით დანიშნა. ანუ, ვიდეორეფერი რომ არა, არბიტრი ამ ეპიზოდს ალბათ შეუმჩნეველს დატოვებდა, მაგრამ მონიტორზე გადამოწმების შემდეგ ხელი თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა: დანი გარსიამ მარსელო წააქცია. სერხიო რამოსმა მორიგი გოლი შეაგდო.
კატალონიური პრესა კი ჩივის, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე რამოსმა დააბიჯა რაულ გარსიას „რეალის” საჯარიმოში, მაგრამ არბიტრს პენალტი აღარ დაუნიშნავს.
ამრიგად, კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი სეზონის განახლების შემდეგ, „ბარსელონასგან” განსხავებით „რეალი” ასპროცენტიანი შედეგით მიდის, არადა, ინიციატივა „ბარსას” ხელთ იყო — ცხრილში ლიდერობდა და ქულები რომ არ დაეკარგა, ახლაც წინ იქნებოდა.
ზინედინ ზიდანის გუნდს ოთხი თამაში დარჩა და ძალიან ახლოს არის იმასთან, რომ 2017 წლის შემდეგ პირველად გახდეს ესპანეთის ჩემპიონი.