ასეთი რამ მილიონი ვარიანტიდან ერთხელ ხდება. ჯეიმი ვარდიმ ინგლისურ პრემიერლიგაში მეასე გოლი გატანა, რაც თავისთავად უნიკალური შედეგია, მაგრამ მომენტის სიდიადე სრულად რომ აღიქვათ, მცირეოდენ ინფორმაციას მოგაწვდით.
დირკ კუიტმა ექვსი წელიწადი იბურთავა პრემიერლიგაში, „ლივერპულის“ ფანებში კეთილი მოგონებებიც დატოვა, მაგრამ სულ 51 გოლი მიითვალა; „მანჩესტერის“ დღევანდელმა დამრიგებელმა ოლე გუნარ სულშერმა 11 წლის განმავლობაში სულ 91-ჯერ გამოიჩინა თავი; ემანუელ ადებაიორს 97 გოლი მოუგროვდა; ინგლისში „ოქროს ბურთის“ მფლობელის რანგში გადაბარგებულმა ანდრეი შევჩენკომ კი სულ 9-ჯერ გამოიჩინა თავი…
Jamie Vardy nets 100th Leicester goal after Fulham double | Goal.comახლა ისევ ჯეიმი ვარდის ამბავი ვთქვათ. 25 წლის ასაკამდე დღევანდელი ვარსკვლავი სამოყვარულო ლიგაში ბურთაობდა. სკაუტების თანამედროვე ქსელის პირობებში ასეთი ტალანტი უყურადღებოდ მხოლოდ მაშინ რჩება, თუ ლოთია ან ნარკომანი. ვარდი არც ერთია და არც მეორე. ძალიან გვიან შენიშნეს და შანსი მისცეს.
27 წლის იყო, როცა პრემიერლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. 2013-2014 წლების სეზონში ჯეიმი მხოლოდ იწყებდა, მასზე ერთი წლით უფროსი უეინ რუნი კი ათწლიან ვარსკვლავურ კარიერას ისე გამოეფიტა, აშკარად დაღმა მიექანებოდა. ალბათ, სწორედ ეს შველის ჯეიმი ვარდის, 33 წლის ასაკში ისე იფრინოს, 25 წლის რომ გეგონება. მისი კარიერა ხომ სულ რაღაც მეექვსე წელს ითვლის.
„კრისტალ პალასთან“ ჩვეული უბრალო გოლი გაიტანა – მეტოქემ საჯარიმოში ოდნავი სივრცე დაუტოვა და ეს სრულიად საკმარისი იყო მეასე გოლის გასატანად.
სულ ამ სეზონში „ლესტერის“ ლიდერმა 21-ჯერ დაამწუხრა მეტოქეები – ობემეიანგი, სალაჰი, მანე, აგუერო და კეინი ბომბარდირთა დავაში მის უკან არიან.