მას მერე, რაც „რეალიდან” „იუვენტუსში” გადავიდა, კრიშტიანუ რონალდუმ საჯარიმოდან პირველი გოლი გაიტანა. ეს იყო საუცხოოდ შესრულებული დარტყმა ტურინულ დერბიში. „ბებერმა ქალბატონმა” „ტორინოს” 4:1 მოუგო.
ევროპული მას-მედია წერს (და თქვენ შეგიძლიათ ქვემოთ, ვიდეოზე დააკვირდეთ), რომ რონალდუმ ამჯერად მისთვის ჩვეულ ნატიფ დარტყმას ცოტა მეტი ტრაექტორია დაამატა, ასე ვთქვათ უფრო ჩაახვია, ვიდრე ჩვეულებრივ ახვევს ხოლმე.
როგორც მოგახსენეთ, „იუვენტუსმა” „ტორინოს” 4:1 მოუგო. ანგარიში მე-3 წუთზე პაოლო დიბალამ გახსნა. მეორე ხუან კუარდადომ შეაგდო, თუმცა, პირველი ტაიმის ბოლოს, მსაჯის წამატებულ მე-6 წუთზე დანიშნული თერთმეტმეტრიანიდან ანდრეა ბელოტიმ სხვაობა შეამცირა.
ამის მერე, მეორე ტაიმის მე- 16 წუთზე, რონალდომ ზემოხსენებული უზადო საჯარიმო დარტყმით მესამე შეაგდო, ხოლო 87-ე წუთზე კოფი ჯიჯის ავტოგოლმა თამაშს წერტილი დაუსვა.
მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს, როგორც მოგახსენეთ, ესპანეთიდან იტალიაში გადაბარგების შემდეგ ჯარიმებში არ უმართლებდა. სტატისტიკოსებმა დაუთვალეს, რომ გოლების მანქანას 43 მცდელობა დასჭირდა სანამ ჯარიმიდან ზუსტად დაუმიზნებდა. არადა, ზოგადად, რაც სეზონი აღდგა, კრიშტიანუ შესანიშნავ ფორმაშია: 4 თამაშში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გადააწოდა.
ტურინულ დერბიში კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა. დამყარდა რეკორდი: „იუვენტუსის” ლეგენდარულმა მეკარემ ჯიჯი ბუფონმა სერია A-ში 648-ე შეხვედრა ჩაატარა. აქამდე, იტალიურ ლიგაში ყველაზე მეტჯერ პაოლო მალდინის ჰქონდა ნათამაშები.
როგორც ჩანს, ბუფონი მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეცხრედ მოიპოვებს „სკუდეტოს”.