„ჩელსის” თავკაცი ფრენკ ლემპარდი „ვესტ ჰემთან” 2:3 შოკისმომგვრელი წაგების მიუხედავად ამბობს, რომ მისი გუნდი პრემიერლიგის ოთხეულში შევა. არადა, ლონდონურ დერბიში წაგება იმას ნიშნავდა, რომ „ლურჯებმა” „მანჩესტერ იუნაიტედი” ორქულიან დისტანციამდე მიუშვეს.
თავიდან, „ჩაქუჩებმა” საჯარიმოში კრისტიან პულიშიჩი წააქციეს და ვილიანმა პენალტით გახსნა ანგარიში, მაგრამ შესვენებაზე გუნდები მაინც თანაბრად გავიდნენ — ტომაშ სუჩეკმა „ჩელსის” თავისი გოლი, როგორც იტყვიან, გასახდელში გააყოლა.
მეორე ტაიმის დასაწყისში მაიკლ ანტონიომ დევიდ მოიესის გუნდი წინაც გაიყვანა, თუმცა ვილიანმა ისევ იყოჩაღა და მატჩის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე საჯარიმო დარტყმით 2:2 გახადა.
მაგრამ, საბოლოოდ სამი ქულა „ვესტ ჰემს” ერგო — 89-ე წუთზე, 30 წლის უკრაინელმა ანდრიი იარმოლენკომ დასავლეთ ლონდონელებს სწრაფი კონტრშეტევა გოლით დაუმთავრა.
მატჩის შემდეგ ლემპარდმა თქვა: „მართალია, „მანჩესტერ იუნაიტედი” საუცხოო ფორმაშია და მოგებების პერიოდი უდგას, მაგრამ ჩვენ მას ორი ქულით მაინც ვუსწრებთ. შესანიშნავი პერიოდი უდგას „ვულვზსაც”, მაგრამ ისიც ჩამოგვრჩება. აგრეთვე ბრწყინვალე ფორმაშია „ლესტერი”, რომელსაც უკვე ჩვენ არ ვაძლევთ დიდად დაწინაურების საშუალებას — ერთადერთი ქულით გვისწრებს.
ასე რომ, ნამდვილად კარგი პერსპექტივა გვაქვს. დღეს უბრალოდ გული დაგვწყდა, რადგან მოგება გვინდოდა და ვერ მოვიგეთ, თორემ ისე, ეს ფეხბურთია და ჩვენ შესანიშნავ სატურნირო მდგომარეობაში ვართ.
იმედგაცრუების საბაბი საერთოდ არ გვაქვს. მეტიც, არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ დღეს გამარჯვებას ჩვენ ვიმსახურებდით. აქ, „ჩელსის” უნდა მოეგო”.