მორჩა, დამთავრდა! — წერს კატალონიური „სპორტი”, — „ბარსელონამ” „ატლეტიკოს” დამარცხება ვერ შეძლო და ახლა, ცხრილში, „რეალს” ერთი ქულით ჩამორჩება. თან თამაშით მეტი აქვს. ეს გახლდათ გუნდის მესამე ფრე ბოლო ოთხ შეხვედრაში. თუ მადრიდი 2 ივლისს „ხეტაფეს” მოუგებს, გუნდებს შორის განსხვავება 4 ქულა გახდება. ჩემპიონატის დამთავრებამდე 5 ტურით ადრე კი ეს ცუდ მდგომარეობაში ყოფნას ნიშნავს.

არადა, პირველ ტაიმში იყო მომენტები, როდესაც „ბარსა” თითქოს ჰგავდა იმ გუნდს „ატლეტიკოს” რომ დაამარცხებდა. ისევე, როგორც „სელტასთან”, ლეო მესი კუთხურიდან ცდილობდა გოლის გატანას. პირველი ცდა სახიფათო გამოდგა, მაგრამ უშედეგო, მეორე კი კარში შევარდა — მადრიდელ დიეგო კოშტას ბურთი ფეხებს შორის, ბარძაყზე მოხვდა და ბადეში აღმოჩნდა.

კოშტას მალე მიეცა შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა. იანიკ კარასკომ ჟერარდ პიკე ჩამოიტოვა და საჯარიმოში შევარდა, სადაც ის არტურო ვიდალმა წააქცია. პენალტი კოშტამ დაარტყა, მაგრამ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა აუღო. გერმანელი მეკარის სამწუხაროდ, VAR-მა დააფიქსირა, რომ ის მანამდე გამოვიდა ხაზიდან, სანამ კოშტა ბურთს შეეხებოდა. შედეგად, „ატლეტიკოს” დარტყმის გამეორების შესაძლებლობა მიეცა. ამჯერად კოშტა მოვლენათა ეპიცენტრს გაერიდა, საულმა კი ანგარიში გაათანაბრა.

ამ შეხვედრაში ლეო მესიმ თავისი მე-700 გოლი გაიტანა. პირველად მას ამის გაკეთება საჯარიმო დარტყმით შეეძლო, მაგრამ „მატრასების” მეკარე იან ობლაკმა იყოჩაღა. შესვენების შემდეგ კი არგენტინელმა მაინც შეაგდო — ფელიპემ საჯარიმოში ნელსონ სემედო წააქცია, დაინიშნა პენალტი, ბურთთან მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი მივიდა და „პანენკა” დარტყმით წინ გაიყვანა „ბარსა”.

მაგრამ, როგორც გაირკვა, დრამა ამით არ დასრულებულა — 12 წუთში სემედო კიდევ ერთი პენალტის მიზეზი გახდა. ამჯერად მის გამო თერთმეტმეტრიანი დარტყმა მასპინძლების კარში დაინიშნა. მართალია, გამეორებებზე ისე ჩანდა, რომ კარასკომ თავის თავს თვითონ გამოსდო ფეხი, მაგრამ პენალტი დაინიშნა და საულმა მეორე გაიტანა.

აი, აქ კი ყველა ელოდა, რომ „ბარსელონა” ჩვეულებისამებრ ტემპს აწევდა და შეტევათა ფოიერვერკს დაატრიალებდა, მაგრამ ვაგლახ, ესპანეთის ჩემპიონმა სახიფათო მომენტების უხვად შექმნა ვერ შეძლო.

რა იყო ამის მიზეზი? „ბარსას” შეტევებს გაძლიერება სჭირდებოდა? კიკე სეტიენს ტაქტიკა უნდა შეეცვალა? ცვლილებები უნდა მოეხდინა? ფაქტია, რომ მწვრთნელმა ანსუ ფატის თავის გამოსაჩენად სულ ხუთწუთიანი შანსი მისცა, ანტუან გრიზმანი კი სულაც მსაჯის წამატებულ წუთებში შეუშვა მოედანზე…

„სპორტი” წერს, რომ ამით სეტიენის ეპოქა „კამპ ნოუზე” დე იურე თუ არა, დე ფაქტო დასრულდა. მის „ბარსელონას” მეტი არ შეუძლიაო.