ისინი ბუნდესლიგაში წლების განმავლობაში დიდი მოქიშპეები იყვნენ, ხოლო კუნძულ სილტზე მეზობლები არიან — ლაპარაკია „ბაიერნის” აღმასრულებელ შეფ, წარსულში ლეგენდარულ ფეხბურთელ კარლ ჰაინც რუმენიგესა და წარსულში „დორტმუნდის”, დღეს კი „ლივერპულის” მწვრთნელ იურგენ კლოპზე.
რუმენიგე 64 წლისაა, ხოლო კლოპი 53-ის.
„მე და იურგენ კლოპი სილტში ხშირად გადავეყრებოდით ხოლმე ერთმანეთს. ახლაც ცხადად მახსოვს 2012 წელი. ჩვენ ზედიზედ ორჯერ გავედით „დორტმუნდის” შემდეგ მეორე ადგილზე და ზედაც მათთან თასის ფინალში დავმარცხდით 2:5. და აი, სეზონის შემდეგ, ზაფხულზე, ზღვის პირას, მე და მთელს ჩემს ოჯახს, პლაჟზე გვხვდება იურგენ კლოპი, რომელიც მორბის, ვარჯიშობს. მაშინ ვიფიქრე, რომ განზრახ 100 მეტრით გრძელი გზიდან მოუარა, რათა შემხვედროდა. ნეტავ რა უნდა, დაცინვას აპირებს, ნიშნის მოგებას თუ აქეთ რატომ მოდის მეთქი, ვკითხე საკუთარ თავს. მაგრამ, თურმე შევცდი. ის ჩვენთან მოვიდა და ყველას თავაზიანად ჩამოგვართვა ხელი. იურგენი ძაღლით იყო. შემდეგ, მისი ძაღლი ჩვენას ეთამაშებოდა. გულზე მომეშვა”, — მოიგონა „შპორტ ბილდთან” ინტერვიუში რუმენიგემ.
შემდეგ კი, 80-იანი წლების გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ „ბაიერნის” მწვრთნელებზე ილაპარაკა: „ყოველთვის, როდესაც ახალ თავკაცს ვეძებდით, იურგენი დაკავებული იყო. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ბოლო წლებში ღვთის მადლით საუცხოო სპეციალისტები გვედგნენ სათავეში: იუპ ჰაინკესი, პეპ გვარდიოლა, ლუი ვან გაალი, თუ გნებავთ ახლანდელი თავკაცი ჰანსი ფლიკი. საერთოდ, მწვრთნელის ძებნასაც ზუსტად უნდა დროის შერჩევა. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ იურგენი ევროპის სამ-ოთხ საუკეთესო მწვრთნელს შორის იყო. გასულ სეზონში, როდესაც მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ძალიან გამიხარდა. ახლაც მიხარია „ლივერპული” პრემიერლიგის ჩემპიონი რომ გახადა.
არ მავიწყდება, „ლივერპულთან” მერვედფინალის წინ ბანკეტი გვქონდა. მაშინ, ჩემმა კოლეგამ პიტერ მურმა მითხრა, რომ მათთვის პრემირლიგის ჩემპიონობა ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ტიტული 30 წელიწადი არ მოეგოთ. ყურებს არ ვუჯერებდი.
კორონავირუსის მიუხედავად სეზონის განახლება მხოლოდ იმიტომ ღირდა, რომ „ლივერპული” ჩემპიონი გამხდარიყო.
ვულოცავ „ლივერპულს” და იურგენ კლოპს, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია. ის არასდროს ტრაბახობს თავისი მიღწევებით, არ იბღინძება. ის დიდი მწვრთნელია, მაგრამ ამას ხაზს არ უსვამს”.