გერმანიის მეორე ბუნდესლიგის დასკვნით ტურში “შტუტგარტი” შინ “დარმშტადთან” 1:3 კი დამარცხდა, მაგრამ ჯამურად მეორე ადგილი დაიკავა და პირველ ბუნდესლიგაში აღზევდა. ეს შეხვედრა გერმანიის ნაკრების ექსფორვარდის, მარიო გომესის კარიერაში დასმული წერტილი იყო. “სეზონის დასაწყისში დარწმუნებული ვიყავი, რომ “შტუტგარტი” პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნდებოდა. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ეს იქნებოდა ჩემი ბოლო მატჩი კლუბშიც, გერმანიაშიც და საერთოდ, ფეხბურთელის რანგშიც” – თქვა ნამატჩევს ესპანელი მამისა და გერმანელი დედის ოჯახში აღზრდილმა “სუპერმარიომ”.
“შტუტგარტმა”, რომელშიც კარიერაში პირველი ნაბიჯები გადადგა, მადლობა გადაუხადა ფეხბურთელს. მადლობას არ დაუგვიანია მიუნხენიდანაც – გომესმა “ბაიერნში” ოთხ სეზონში 113 გოლი გაიტანა, სამჯერ იჩემპიონა და 2013 წელს ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.
ამის შემდეგ მის კარიერაში იყვნენ “ფიორენტინა”, “ბეშიქთაში”, “ვოლფსბურგი” და ბოლო გაჩერება “შტუტგარტი”. ნაკრებშიც ვერავინ ეტყოდა აუგს. ჯამში 78 შეხვედრაში 31-ჯერ გაიტანა, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლი მოიგო, ევროპის პირველობებზე ვერცხლი (2008) და ბრინჯაო (2012) მოიპოვა, ევროპირველობის თანაბომბარდირიც გახდა. ხინჯად მხოლოდ ის ჩარჩა, რომ გერმანელთათვის ტრიუმფალურ 2014 წლის მუნდიალზე იოაჰიმ ლიოვმა საერთოდ არ წაიყვანა.
მარიო 10 ივლისს 35 წლისა მოიყრება, წასვლით კი ისე წავიდა, როგორც მის კარიერას ეკადრებოდა – ბოლო მატჩში მასპინძელთა ერთადერთი გოლი “სუპერმარიოს” ანგარიშზეა.