კიკე სეტიენის ბარსელონური დღეები დათვლილია. დიდი ალბათობით, 61 წლის სპეციალისტი სეზონს ჩაამთავრებს, შემდეგ კი, ახალი სამსახურის მოძიება მოუწევს.
„ბარსას“ ხელმძღვანელობა სეტიენის მუშაობით უკმაყოფილოა. ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებენ თანამშრომლობას, თუ სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება და „ბარსელონა“ დარჩენილი ორი ტიტულის, ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოახერხებს.
ცხადია, სეტიენს ჯერ კიდევ აქვს შანსი: კატალონიელები ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მეორე ადგილზე არიან და მადრიდის „რეალს“ ორი ქულით ჩამორჩებიან, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში მეტოქედ იტალიური „ნაპოლი“ ჰყავს, რომელთანაც პირველი მატჩი ფრედ (1:1) ითამაშა და მეოთხედფინალში გასასვლელად ითამაშებს.
თუმცა, ეს ყველაფერი უფრო თეორიაა, რადგან სეტიენს გუნდში უკვე ჰყავს ამბოხებულები. მის წინააღმდეგ არიან ისეთი ავტორიტეტები, როგორებიც ჟერარ პიკე და ლეო მესი არიან. ისინი უკმაყოფილებას სეტიენის ტაქტიკაზე და მედიასთან გამონათქვამების გამო გამოხატავენ.
შეგახსენებთ, რომ სეტიენი „ბარსაში“ იანვრის შუაში მივიდა და კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს.
სეტიენის ადგილზე მთავარ პრეტენდენტად კატალონიელთა ყოფილი ნახევარმცველი ხავი მოიაზრება, რომელიც ამჟამად ყატარულ „ალ-სადეში“ მუშაობს.