24 წლის ტიმო ვერნერი „ლაიპციგს” გულიანი თამაშით გამოეთხოვა. აწ უკვე „ჩელსის” თავდამსხმელმა, როგორც „შპორტ ბილდი” წერს, მარტომ მოუგო „აუგსბურგს” — 2:1. მიმდინარე სეზონში გატანილი 27-ე და 28-ე გოლებით ის ბუნდესლიგას დაემშვიდობა და „სქაი სპორტს” ინტერვიუ მისცა.
„რასაკვირველია, დღევანდელი გამარჯვება მახარებს, — თქვა ვერნერმა რომელიც „საქსონების” შემადგენლობაში 2016 წლიდან გამოდიოდა, — ჩემთვის სეზონი დიდებულად დასრულდა. მთელი კვირის განმავლობაში ბიჭებს უდიდეს მადლობას ვუხდიდი. „ლაიპციგში” შესანიშნავი წლები გავატარე. არასდროს დამავიწყდებიან თანაგუნდელები, რადგან ჩვენ აქ ნამდვილად დავმეგობრდით. „ლაიპციგი” ძალიან მომენატრება”.
„ჩელსიმ” ვერნერში 53 მილიონი ევრო გადაიხადა. რა მოეწონათ დასავლეთლონდონლებს გერმანელ ფორვარდში გასაგებია, მაგრამ, საინტერესოა, თავად ვერნერი რით მოხიბლა ინგლისურმა კლუბმა?
„მოლაპარაკებების დროს „ჩელსის” წარმომადგენელი იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ არჩევანი „ლურჯებზე” შევაჩერე. ჩემით განსაკუთრებით მწვრთნელი, ფრენკ ლემპარდი გახლდათ დაინტერესებული. ეს მომეწონა. ლემპარდი სულ კითხულობდა რა გადავწყვიტე, გადავდიოდი მათთან თუ არა. ის მიმეორებდა, რომ როგორც ფეხბურთელსა და პიროვნებას ძალიან მაფასებდა. ვფიქრობ, „ჩელსიში” თავს ისევე კომფორტულად ვიგრძნობ, როგორც „ლაიპციგში”.
ვერნერმა აღიარა, რომ მისთვის ოაზისად ქცეული „ლაიპციგის” დატოვება ძალიან ძნელი იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, კარიერაში შემდეგი ნაბიჯის გადადგმაც უნდა გაებედა, თორემ მთელი ცხოვრება ერთსა და იმავე ადგილს დატკეპნიდა.
და კიდევ, აგვისტოში ტიმო ვერნერი, ჩემპიონთა ლიგაში, „ლაიპციგის” სახელით ვეღარ ითამაშებს.
„ეს იყო მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა მხარის ერთობლივი გადაწყვეტილება, რომელიც ვინმეს წინააღმდეგ კი არ არის ჩაფიქრებული, არამედ იმისათვისაა, რომ ყველაფერი აქედანვე დალაგდეს და გაირკვეს, — თქვა ფორვარდმა Sportbuzzer-თან ლაპარაკისას, — რასაკვირველია, განვიცდი, რომ ჩემს საყვარელ გუნდს დიდ საქმეში ვერ დავეხმარები, მაგრამ 1 ივლისიდან მე უკვე „ჩელსის” ფეხბურთელი ვიქნები და ხელფასს ლონდონელები გადამიხდიან”.