ბრაზილიელი არტურ მელო ტურინშია. მან სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს და „იუვენტუსთან” კონტრაქტს მოაწეროს ხელი. 23 წლის ნახევარმცველი იტალიის ჩემპიონ გუნდში ხუთ სეზონს დაჰყოფს და წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს. მისი ტრანსფერის შემადგენელი ნაწილი 30 წლის ბოსნიელი მირალემ პიანიჩის საპირისპირო მიმართულებით, „ბებერი ქალბატონიდან” „ბარსაში” გადაბარგებაა.
ფეხბურთელს, რომელმაც იტალიისკენ გაფრენის წინ, როგორც ბარსელონელმა, ვიგოში, „სელტას” წინააღმდეგ ითამაშა, ახლდნენ ადვოკატი ვისენტე ფორეში, მამა აილტონი და ძმა პაულუ ენრიკე, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში კლუბებს შორის 70 მილიონიან საქმეს კვაჭავდა.
საინტერესოა, რომ არტურის ამალაში იყო „ბარსას” ყოფილი სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესიც, რომელიც 2018 წელს, ბრაზილიელის „გრემიოდან” „კამპ ნოუზე” გადაბარგების შემდეგ მასთან ძალიან დამეგობრდა.
კატალონიაში წერენ, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია როდიდან დაიწყებს არტურ მელო ტურინში თამაშს, 30 ივნისიდან ანუ კონტრაქტის ვადის ამოწურვის დღიდან თუ მას მერე, რაც covid 19-ის მიერ გაწყვეტილი სეზონი რეალურად დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ „სელტასა” და „ბარსას” შაბათის შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე „ბარსელონას” მწვრთნელმა კიკე სეტიენმა არტურს აწყენინა. მან თქვა: „ის არ იქნება პირველი ფეხბურთელი, რომელსაც დიდი იმედით ელოდნენ, მან კი ვერ გაამართლა. ძნელია, რაღაცა შეცვალო, როდესაც სხვა მწვრთნელები გეუბნებიან, თითქოს კარგად თამაშობ”.
სეტიენს სოციალურ ქსელში არტურის დედამ გასცა პასუხი: „ღმერთო ჩემო… დაიწყეს ახლა ფეხბურთელის დახვრეტა”.