„ლივერპულის” ლეგენდამ სერ კენი დალგლიშმა თქვა, რომ მას „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა, სერ ალექს ფერგიუსონი დაუკავშირდა და ჩემპიონობა მიულოცა.

ფერგიუსონი „ოლდ ტრეფორდზე” მუშაობის 27 წლის განმავლობაში „ლივერპულის” მთავარი „მტერი” და გამღიზიანებელი იყო. ამ პერიოდში მან 13-ჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონის ტიტული; მისი წყალობით „იუნაიტედმა” მერსისაიდელებს გადაასწრო, გახდა რა ოცგზის ჩემპიონი, მაშინ, როდესაც „ლივერპული” 18-ზე გაიყინა. მაგრამ „წითლები”, რომელთაც ახლა დიდების დარბაზში, ჯამში 48 დიდი ტიტული აქვთ (შედარებისთვის, „იუნაიტედის” მონაგარი 45-ია) მეცხრამეტედ გახდნენ ინგლისის ჩემპიონები. ეს მოხდა პირველობის დამთავრებამდე 7 ტურით ადრე, როდესაც „ჩელსიმ” „მანჩესტერ სიტის” მოუგო (2:1) და სკაუსერები მიუწვდომელები გახადა.

„ლივერპულს” 30 წლიანი ხელმოცარვის პერიოდი დაუმთავრდა.

მაშ ასე, მერსისაიდელები 1990 წლის შემდეგ ანუ რაც პრემიერლიგა დაარსდა, პირველად გახდნენ ჩემპიონები. შორეულ 90-ში მათ ტიტული ზემოთ ნახსენებმა კენი დალგლიშმა მოაგებინა.

ფერგიუსონი და დალგლიში… ინგლისური ფეხბურთის ორი შოტლანდიელი ლეგენდა. „ოლდ ტრეფორდზე” სერ ალექსის ეპოქის დასაწყისში ისინი ხუთი წლის განმავლობაში დიდი მეტოქეები იყვნენ. ამას დაემატა 18 თვე 2011 წლის იანვრიდან 2012-ის მაისამდე, როდესაც დალგლიში კვლავ ჩაუდგა „წითლებს” სათავეში.

„მანჩესტერ იუნაიტედის” და „ლივერპულის” ქიშპი იმდენად ძლიერი იყო, რომ 2002 წელს ფერგიუსონმა თქვა, „ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა „ლივერპულის” იმ დედამო…ლი ტახტიდან ჩამოგდება იყო”-ო. ფერგის ეს სიტყვები ისტორიას შემორჩა.

მაგრამ, 2013 წელს სერ ალექსი აქტიურ საქმიანობას ჩამოშორდა და მას მერე ინგლისურ ფეხბურთში სურათი შეიცვალა — ტოპ კლუბები „მანჩესტერ სიტი” და „არსენალი” გახდნენ.

და მართალია, ალექს ფერგიუსონს „ლივერპული” ასე ძლიერ სძულს, კენი დალგლიშმა ისიც კი სთქვა, რომ ცხვირწითელა სქოთმა იურგენ კლოპსაც მიულოცა დიდი წარმატება.

დალგლიშმა, რომელსაც ფეხბურთელობის წლებში „ლივერპულის” სახელით ექვსი, მწვრთნელობისას კი სამი ტიტული აქვს მოპოვებული, თქვა: „მან დაგვირეკა და მოგვილოცა. დაძაბულობა ყველა ძველ მოქიშპეს შორის არის, მაგრამ წელიწადი ყოველთვის მოლოცვით მთავრდება. ეს ტრადიციაა და ასეთი მეტოქისგან ქება ძალიან ფასეულია.

ადრეც ასე იყო. შესაძლოა ვინმესთან უდიდესი ქიშპი გქონოდა, მაგრამ ბოლოს საკუთარ თავში ნახულობდი ძალას, რომ მისალოცი წერილი გაგეგზავნა. დღეს, ტექნიკა განვითარდა. შენ გაქვს საშუალება ხალხს, რომელსაც მთელი ცხოვრება ეჯიბრები, გაუგზავნო მესიჯი ან მეილი. რასაკვირველია, მას ერჩივნა თავად ყოფილიყო გამარჯვებულის პოზიციაში, მაგრამ ჰყოფნის პიროვნული სიამაყე და ღირსება, რომ შენი წარმატებაც დააფასოს.

ასეა, დამარცხებული გამარჯვებულს ულოცავს და შემდეგ წელიწადს გამარჯვებაზე ოცნებობს. ბოლოს და ბოლოს ფეხბურთია, ომი ხომ არ არის. ხალხი ყოველი თამაშის წინ და შემდეგ ხელს ართმევს ერთმანეთს”.

69 წლის დალგლიში „ლივერპულის” გმირთა და ლეგენდათა შორის ისე მაღლა დგას, რომ მერსისაიდელების ახლანდელი წარმატება და მილოცვები ლამის იურგენ კლოპის დონეზე გაიზიარა. მას თავად გრძნობამორეულმა კლოპმაც მიულოცა:

„რომ იცოდეთ როგორ გვედგა კენი მხარში. ის 30 წელიწადი ელოდა ამ დღეს. კენი, ეს გამარჯვება შენ გეძღვნება!

და ეს ეძღვნება სტივენ ჯერარდს. სტივი, ბიჭები შენ გაღმერთებენ.

ჩემთვის ფეხბურთელების მოტივირება ადვილია, რადგან თქვენი წყალობით დიდი ისტორია უმაგრებთ ზურგს”.

პასუხად, დალგლიშმაც არ დაამადლა გერმანელს ქება-დიდება. ვარსკვლავმა, რომელმაც მერსისაიდული კლუბის მაისურით 515 შეხვედრაში 172 გოლი გაიტანა და 1978 წელს გუნდის კაპიტანი იყო, თქვა:

„ბუნებრივია, რომ ლივერპულში იურგენ კლოპს ფეხბურთელებიც აღმერთებენ და ფანებიც, მაგრამ სხვა კლუბების ბანაკებშიც ბევრი მიიჩნევს, რომ ის კარგი ადამიანია. ასეთი პატივი ბევრ მწვრთნელს როდის ხვდება ხოლმე წილად. იურგენი „ლივერპულისთვის” ზედგამოჭრილია. ის იდეალურია.

კლოპი ნამდვილი სკაუსერია. არის ხალხი, რომელიც ამა თუ იმ კლუბს იდეალურად იმიტომ ერგება, რომ აღმოჩნდება, მათი მენტალიტეტი ადგილობრივს ემთხვევა. იურგენის შემთხვევაც ზუსტად ეს არის”.

„ლივერპულს” მიულოცა „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმაც. მან თქვა:

„უპირველეს ყოვლისა მინდა ავღნიშნო, რომ ნებისმიერი კლუბი, რომელიც პრემიერლიგას იგებს ღირსეული გამარჯვებულია. ეს არის ძნელად მოსაგები ლიგა, ასე რომ იურგენმა და მისმა ფეხბურთელებმა დიდი სამუშაო გაწიეს, ჩინებულად შეასრულეს ყველაფერი.

პირადად ჩემთვის იმის ნახვა, რომ ტიტული ვიღაც სხვამ მოიგო, ყოველთვის გულსატკენია. გარწმუნებთ, ეს არის გრძნობა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედთან” დაკავშირებული ყველა ადამიანისთვის ნაცნობია.

რასაკვირველია, ჩვენი ამოცანაა კვლავ დავბრუნდეთ გამარჯვების გზებზე. იმის გამეორება, რასაც სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით ვაკეთებდით, როდესაც წლების განმავლობაში ვიგებდით და ვიგებდით ტიტულებს, ძალიან ძნელია. სერ ალექსი მწვერვალზე დარჩენის დიდოსტატი იყო, მაგრამ ჩვენ ახლა იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ შემდეგ 26 წელიწადი არ ველოდოთ მომდევნო ტიტულს”.