„ლივერპული” ინგლისის ჩემპიონია! 30 წლიანი უიღბლობა და წარუმატებლობა დასრულდა. მერსისაიდელები კვლავ მწვერვალზე ავიდნენ.

სამი ათწლეული… საკმაოდ დიდი ხანი ალოდინა განგებამ. „წითლების” პირველობა გაფორმდა ლონდონში, სადაც „ჩელსიმ” „მანჩესტერ სიტის” 2:1 მოუგო — ძველ ჩემპიონს ტიტული ჩამოართვა, ახალს კი გადაულოცა.

ოთხშაბათს, „კრისტალ პალასთან” 4:0 გამარჯვების შემდეგ „ლივერპულს” ერთადერთი რამ სჭირდებოდა — პეპ გვარდიოლასა და მის „ქალაქელ” კომპანიას „სტემფორდ ბრიჯზე” ქულები უნდა დაეკარგათ.

იურგენ კლოპს გული პირველმა მისმა დორტმუნდისდროინდელმა შეგირდმა, 21 წლის ამერიკელმა კრისტიან პულიშიჩმა გაუხარა. პულიშიჩი ახლა „ჩელსის” ფეხბურთელია და 36-ე წუთზე „სიტის” გოლი გაუტანა. 55-ე წუთზე დიდებულმა ბელგიელმა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა ოსტატურად შესრულებული საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 78-ე წუთზე ვილიანმა პენალტით შეაგდო ის გოლი, რომელმაც მერსისპირეთში ემოციათა ვულკანი ამოაფრქვია.

და ახლა, ჩემპიონატის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე, ქალაქ ლივერპულის წითელ ნახევარს შეუძლია თავისუფლად ისუნთქოს. სტრესული სეზონი, რომელიც covid 19-ის პანდემიის გამო ჩაშლის პირას იყო, მათთვის ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. კლუბი, რომელმაც საუცხოო ფეხბურთი ითამაშა, ჩემპიონი გახდა.

ამიერიდან გერმანელი იურგენ კლოპი „ენფილდ როუდის” ფოლკლორს შეერწყა. მორჩა, ლეგენდაა. მან გუნდს მოაგებინა ის, რაც 11016 დღე ვერ მოეგო.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული „ლივერპული” გულშემატკივარს დროგამოშვებით ახარებდა კარგი ფეხბურთით, მაგრამ ბოლო ფაზაში საქმე ერეოდა.

„წითლებმა” ინგლისის ჩემპიონის ტიტული ბოლოს 1989-90 წლების სეზონში, კენი დალგლიშის ხელმძღვანელობით მოიგეს. იმ წელიწადს გუნდის ვარსკვლავი იყო ჯონი ბარნსი, რომელმაც 22 გოლი გაიტანა.

მას შემდეგ კი ინგლისის ისტორიის ერთ-ერთმა უდიდესმა კლუბმა ვერა და ვერ მოიგო ტიტული. სამი დეკადის განმავლობაში ჩემპიონები ხდებოდნენ „მანჩესტერ იუნაიტედი”, „არსენალი”, „ჩელსი”, „მანჩესტერ სიტი”, ასე განსაჯეთ თითოჯერ „ბლექბერნმა” და „ლესტერმაც” კი შეძლეს შეუძლებელი, „ლივერპულს” კი სულ რაღაც აკლდებოდა.

მიაქციეთ ყურადღება, რაც პრემიერლიგაა, მერსისაიდელები ცხრილის ქვედა ნახევარში არ მოხვედრილან. ისინი მათთვის „წარუმატებელ” სეზონებში იგებდნენ ჩემპიონთა ლიგას, იბრძოდნენ ევროლიგის მოსაპოვებლად, მაგრამ ინგლისის ჩემპიონები ვერ ხდებოდნენ.

ოცდაათი წლის განმავლობაში მერსისაიდელები ჩემპიონობასთან ყველაზე ახლოს პირველად 1995-96 წლების სეზონში იყვნენ. ისინი მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ავიწროვებდნენ კონკურენტებს, მაგრამ მაინც მესამეზე გავიდნენ „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ნიუკასლის” შემდეგ.

გულშემატკივრებს დღემდე არ ავიწყდებათ ის 4:3, როდესაც „კაჭკაჭების” მწვრთნელი კევინ კიგანი სტენ კოლიმორის მიერ ბოლოწამს გატანილი გოლის შემდეგ პირდაღებული დარჩა.

2001-02 წლების სეზონში „წითლებმა” ერთი ადგილით ზევით გადაინაცვლეს და მეორეზე გავიდნენ. თან, იმ სეზონში მაიკლ ოუენმა 29 გოლი გაიტანა, მაგრამ მაშინ „არსენალი” იმდენად ძლიერი გუნდი იყო, რომ ჩემპიონობაზე ლაპარაკიც არ ყოფილა. პირველზე „მეთოფეები” გავიდნენ.

ზოგადად, 21-ე საუკუნის პირველი ათწლეული „ლივერპულისთვის” ცუდი გამოდგა. მეტწილად ის ვერც შემადგენლობით წყვეტდა ციდან ვარსკვლავებს და  ვერც სხვა რაიმე თვისებით გამოირჩეოდა. „წითლებმა” კონკურენტუნარიანი გუნდი მხოლოდ 2008-09 წლების სეზონშიღა შექმნეს. ეს ის სეზონია, როდესაც მათ ჯერ „მანჩესტერ იუნაიტედს” გადაუარეს „ოლდ ტრეფორდზე” 4:1 და ზუსტად შემდეგ შეხვედრაში „რეალს” მოუგეს 4:0. მაშინ ნახევარდაცვაში დაფრინავდნენ სტივენ ჯერარდი, ხავიერ მასკერანო და ჩაბი ალონსო, ხოლო თავდასხმაში ფერნანდო ტორესს ედგა საუკეთესო პერიოდი.

თუმცა, არც იმ სეზონში ეყო „ლივერპულს” საჩემპიონო ძალა. ნოემბრიდან იანვრამდე 10 შეხვედრაში 7 ფრე ითამაშა და საბოლოოდ „მანჩესტერ იუნაიტედს” 4 ქულით ჩამორჩა.

შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში კი მერსისაიდელებმა უბრალოდ ვერ ივარგეს. როი ჰოჯსონის თუ კენი დალგლიშის ხელმძღვანელობით ისინი გადიოდნენ მეშვიდე, მეექვსე, მერვე და ისევ მეშვიდე ადგილებზე. ამ პერიოდში გულშემატკივრებმა კლუბის ამერიკელი მეპატრონეები ტომ ჰიკსი და ჯორჯ ჯილეტი შეიძულეს, მაგრამ 2010 წელს კლუბი Fenway Sports Group-მა შეიძინა და თანდათანობით სასიკეთო ძვრებიც დაიწყო.

ახალმა პატრონებმა მწვრთნელად ბრენდენ როჯერსი მიიყვანეს და „ლივერპული” პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე თავდასხმის მქონე გუნდად აქციეს.

2013-14 წლებში ფანებს ეგონათ, რომ დენიელ სტარიჯისა და ლუის სუარესის წყვილი მათ დაკარგულ მწვერვალებს დაუბრუნებდა, მაგრამ რამდენადაც კარგი იყო თავდასხმა იმდენად სუსტი გახლდათ დაცვა.

ჩახედეთ სტატისტიკას: გუნდმა 101 გოლი შეაგდო, რომელთაგან 31 მარტო სუარესმა გაიტანა, მაგრამ 50 გაუშვა კიდეც. სწორედ იმ პერიოდს ეკუთვნის ის დრამატული ეპიზოდები, როგორიც გახლდათ „კრისტალ პალასთან” სამგოლიანი უპირატესობის განიავება და „ჩელსისთან” სტივენ ჯერარდის საბედისწერო ფეხის დაცდენა.

ბრენდენ როჯერსის გუნდი პრემიერლიგის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ სეზონში „მანჩესტერ სიტის” 2 ქულით ჩამორჩა.

მერე კი როჯერსი იურგენ კლოპმა შეცვალა, ხოლო დანარჩენი, როგორც ამბობენ, ისტორიაა.

გერმანელი ახალი გუნდის შექმნას შეუდგა. შეიძინა რობერტო ფირმინო, მო სალაჰი, სადიო მანე და, როგორც იქნა კლუბმა ფული მცველის საყიდლადაც გაიმეტა — 2018 წლის იანვარში 75 მილიონ გირვანქად ვირჯილ ვან დაიკი დაიმატა. ვან დაიკს, შემდეგ წელიწადს, დიდებული ბრაზილიელი მეკარე ალისონც მოჰყვა.

შედეგად, 2018-19 წლებში ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თუმცა ჩემპიონატში, მიუხედავად იმისა, რომ 97 ქულა დააგროვა… მაინც ჩამორჩა „მანჩესტერ სიტის”. ერთი ქულით!

აი, აქ, იურგენ კლოპმა ახალ ფეხბურთელებში დიდი ფულის ხარჯვა შეწყვიტა. ეტყობა მიიჩნია, რომ ოპტიმალური შემადგენლობა უკვე შერჩეული ჰყავდა და ახლა საქმე გამარჯვებაზეღა იყო მიმდგარი.

და გუნდი მართლაც ზღაპრულად ათამაშდა. დანარჩენი კი იცით.