სამი წლის წინ, იულიან დრაქსლერმა, რომელიც ახლა 26 წლისაა, გერმანიის ნაკრებს კონფედერაციათა თასზე უკაპიტნა და წარმატებისკენ გაუძღვა, მაგრამ მერე გარემარბი ჩაიკარგა. იყო დრო, როდესაც მასზე ყველა ერთხმად ამბობდა განსაკუთრებული ნიჭის პატრონიაო, მაგრამ „პარი სენ ჟერმენში” გატარებულმა რამდენიმე სეზონმა განსაკუთრებული ნიჭის კაცი განსაკუთრებულ მოთამაშედ ვერ აქცია. ბოლო სეზონში დრაქსლერმა 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ამათგან სასტარტო შემადგენლობა მხოლოდ შვიდჯერ ანდეს. გერმანელის სატრანსფერო ფასი 40-დან 24 მილიონ ევრომდე დაეცა.
ამის მიუხედავად, „შპორტ ბილდის” ინფორმაციით, იულიან დრაქსლერი „პარი სენ ჟერმენიდან” ფეხის მოცვლას არ აპირებს. მან „პარკ დე პრენსზე”, კონტრაქტის თანახმად, 2021 წლამდე უნდა ითამაშოს და ბოლო წამამდე საფრანგეთის დედაქალაქში გეგმავს დარჩენას. მიზეზი: დრაქსლერმა იცის, რომ მისი კარიერა გუნდთან შეუთავსებლობამ კი არა, ტრავმამ და ვირუსულმა ინფექციამ დააბრკოლა.
ერთი სიტყვით, იულიან დრაქსლერი თავიდან აპირებს „პარი სენ ჟერმენის” ძირითად შემადგენლობაზე იერიშის მიტანას. პანდემიით გამოწვეული უქმობის პერიოდში მან ფიზიკური მომზადების სპეციალისტები დაიქირავა და, როგორც ამბობენ, დღეს შესანიშნავ ფორმაშია.
კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც დრაქსლერს იმედით აღავსებს გახლავთ თომას ტუხელი. გერმანელი მწვრთნელი კვლავაც პარიზელთა თავკაცად რჩება და რაც მთავარია, ცნობილია, რომ ტუხელი გარემარბის ნიჭს დიდად აფასებს.
ახლა, რაც შეეხება კარიერის შესაძლო განვითარებას: თუ კონტრაქტი ბოლომდე ამოწურა, გაისად, ზაფხულში, იულიან დრაქსლერი თავისუფალი აგენტი გახდება. ამას დაამატეთ კორონავირუსის პანდემია და ეკონომიკური კრიზისი, რის შედეგადაც მიიღებთ კარგ კლუბში გადასვლის შესანიშნავ პერსპექტივას. დიდი შანსია გვარიან ხელფასს გამოჰკრას ხელი.