„ბაიერნმა” ზედიზედ მერვედ მოიპოვა ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტული. გადამწყვეტ შეხვედრაში მან უმაყურებლო ტრიბუნების წინაშე სტუმრად 1:0 მოუგო „ვერდერს”.
შეხვედრის ბედი რობერტ ლევანდოვსკიმ გადაწყვიტა. ეს იყო მისი 46-ე გოლი მიმდინარე სეზონში. ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდი კი ტრიუმფალურ სვლას განაგრძობს — რაც პანდემიით დაბრკოლებულმა გერმანიამ ფეხბურთის ჩემპიონატი განაახლა, „ბაიერნმა” შვიდივე თამაში მოიგო.
ვეტერან პოლონელს ბუნდესლიგის მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 31 გოლი აქვს გატანილი.
„ამ ჯილდოსთვის დიდი ხანია ვიბრძვვით და საბედნიეროდ, საქმე ბოლომდე მივიყვანეთ. იმედი მაქვს, რომ მალე დადგება ის დრო, როდესაც ფანებთან ერთად ზეიმის საშუალება დაგვიბრუნდება.
მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლი უნდა გაგვეტანა და გამარჯვებამდე უფრო მშვიდად უნდა მივსულიყავით, მაგრამ, ვერ მოვახერხეთ. საბედნიეროდ ვერც „ვერდერმა” შეძლო ჩვენთვის გოლის გატანა.
ადრევე ვამბობდი, რომ „ვერდერის” წინააღმდეგ კომპაქტურად უნდა გვეთამაშა და მატჩის სადავეები ბოლომდე არ გაგვეშვა ხელიდან. ჩვენ ეს მოვახერხეთ”.
ლევანდოვსკის შესვენების შემდეგ შეეძლო სტატისტიკის დავთარში მეორე გოლიც მიეწერა, მაგრამ საქმეში ოფსაიდი ჩაერია.
79-ე წუთზე მსაჯმა მილოშ ველიკოვიჩის წინააღმდეგ უხეშობის გამო მოედნიდან ალფონსო დავიესი გააძევა, რის გამოც ბავარიელებმა თამაში უმცირესობაში ჩაამთავრეს.
ეს იყო 19 წლის განური წარმოშობის კანადელის მეორე ყვითელი ბარათი „ვერდერთან” შეხვედრაში. პირველ ეპიზოდში ის მე-19 წუთზე ლეონარდო ბიტენკურს ეუხეშა და გაუმართლა მსაჯმა პირდაპირ წითლით რომ არ დასაჯა.
ჰანს-დიტერ ფლიკი: „დიახ, ჩვენ მსოფლიო კლასის მეკარე გვყავს, მეკარის თამაში კი ფეხბურთის ნაწილია. მას მერე, რაც უმცირესობაში დავრჩით, ბრემენელები გამოფხიზლდნენ და უნდა ითქვას, რომ მათ ამ პერიოდში კარგად ითამაშეს, მაგრამ მაინც ჩვენ გავიმარჯვეთ. და უნდა ითქვას, რომ მარტო მოგება შეუძლებელია. იმარჯვებს მთელი გუნდი, ჩვენ კი არც მეტი არც ნაკლები „ბაიერნი” ვართ!”