გერმანიის 4-გზის ჩემპიონი (1951, 1953, 1991, 1998), 2-გზის თასის მფლობელი (1990, 1996) და სუპერთასის (1991) გამარჯვებული „კაიზერსლაუტერნი“, რომელიც ამჟამად გერმანიის მესამე დივიზიონში გამოდის, გაბანკროტების პირას არის.
ამ კვირაში კლუბის ხელმძღვანელობა შესაბამის სამსახურში განცხადებას შეიტანს, რომ დაგროვილი ვალების გადახდას ვერ შეძლებს. ვალი კი დაახლოებით 20 მილიონი ევროა. მოლაპარაკებები კრედიტორებთან, ვალების ერთი წლით გადავადებაზე, წარუმატებლად დასრულდა. „კაიზერსლაუტერნის“ დავალიანება ერთადერთი პრობლემა არ არის – კლუბი ყოველწლიურად 5 მილიონ ევრო ზარალს ნახულობს. აქედან გამომდინარე, ინვესტორების მისვლა უფრო ბუნდოვანი ხდება.
თუმცა, „კაიზერსლაუტერნს“ განცხადების უკან გატანა შეეძლება იმ შემთხვევაში, თუ კლუბი მიაღწევს შეთანხმებას კრედიტორებთან, ან შეიცვლის მფლობელს.
სამაგიეროდ, კლუბს გაუმართლა, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირმა კორონავირუსის კრიზისისას წესედებიდან დროებით ამოიღო პუნქტი, რომლის თანახმად გაბანკროტებულ გუნდს 9 ქულა აკლდება. სხვა შემთხვევაში „კაიზერსლაუტერნი“ რეგიონალ ლიგაში დაქვეითება ექმუქრება და, ფაქტობრივად, მყიდველს საბოლოოდ დაკარგავს.