კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული ესპანეთის ჩემპიონატი დღეს განახლდება. პირველად მოედანზე „სევილია“ და „ბეტისი“ გავლენ. ამათი დაპირისპირება კი მოგეხსენებათ, სევილიური დერბია.

ესეც და სეზონის დარჩენილი თამაშებიც, როგორც ადრევე იყო ცნობილი, უმაყურებლოდ გაიმართება. თუმცა წესით, საინტერესო ტექნიკური სიახლის მომსწრენი უნდა გავხდეთ – გადაწყდა, რომ გულშემატკივრებს ტრიბუნებზე კომპიუტერული გრაფიკის დახმარებით „დაამატებენ.“ რამდენად რეალური იქნება ამგვარი გრაფიკა, სულ მალე ვნახავთ.

აქვე გავიხსენოთ, რომ კარანტინამდე გუნდებმა 38 ტურიდან 27-ის ჩატარება მოასწრეს. ცხრილს „ბარსელონა“ ლიდერობს 58 ქულით. ორით ნაკლები აქვს „რეალს“. ჩემპიონობაზე პრეტენზიას, მეტი არავინ აცხადებს.