„სტოკში” პანიკაა. გუშინ გაცნობეთ, რომ ამ გუნდის მწვრთნელს მაიკლ ონილს კორონავირუსი დაუდგინდა, სამი ფეხბურთელი კი სადაცაა მამა უნდა გახდეს. ინგლისურ მედიაში დაიწერა, რომ ერთ-ერთ მათგანს ცოლმა უთხრა, სანამ ყველაფერი არ ჩამთავრდება სახლში აღარ მოხვიდეო. ფეხბურთელების ვინაობას ჯერ არ ასახელებენ.

შეგახსენებთ, რომ ონილის ავადმყოფობის ამბავი სტოკელებმა მაშინ შეიტყვეს, როდესაც გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედის” ქერინგტონის ბაზაზე მივიდა ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად. თამაში რასაკვირველია ჩაიშალა.

50 წლის მწვრთნელი სამშაბათს თავის ფეხბურთელებს არ შეხვედრია, წინა დღეებში კი ჰქონდა მათთან კონტაქტი.

და სანამ ონილი თვითიზოლაციაშია, გუნდს მისი ასისტენტი ბილი მაკინლი ხელმძღვანელობს.

მაკინლის და „სტოკ სიტის” ფეხბურთელებს, კლუბის სხვა თანამშრომლებთან ერთად, მორიგ ტესტირებას დღეს ჩაუტარებენ.

ინგლისის ფეხბურთის ლიგის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სულ ჩემპიონშიფის კლუბებში ჩატარდა 1192 ტესტი და დადასტურდა კორონავვირუსის 6 შემთხვევა.

„სტოკ სიტისთან” გაუქმებული ამხანაგური თამაშის სანაცვლოდ „მანჩესტერ იუნაიტედი” დღეს ორჯერ(!) შეხვდება „ვესტ ბრომვიჩს”.