პრემიერლიგა მომდევნო კვირაში ბრუნდება, მსოფლიოში კი დიდი მღელვარებაა — „შავი სიცოცხლეც ფასეულიაო” მეტყველებს დემოკრატიული სამყაროს მთავარი ლოზუნგი. და პრემიერლიგის შეფებმა კლუბებთან ერთად დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რა აქციით შეუერთდნენ კაცობრიობას. ფაქტია, რომ მათ ეს უნდა გააკეთონ და საამისოდ რაღაც აქვთ მოსაფიქრებელი.
პრემირლიგის ფეხბურთელთა ერთი ნაწილის მოთხოვნაც ეს არის. მათ სურთ მინეაპოლისში, თეთრკანიანი პოლიციელის მიერ შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მოკვლით გამოწვეულ მღელვარებას ხმა შეუერთონ.
ხუთშაბათს, პრემიერლიგისა და მასში მოთამაშე 20 კლუბის შეფებს მორიგი ვიდეოკონფერენცია აქვთ დაგეგმილი, სადაც ეს თემა აუცილებლად დაიკავებს მთავარ ადგილს.
ერთ-ერთი კლუბის ხელმძღვანელმა „სანს” უთხრა: „ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელსაც ჩვენ, როგორც ლიგა, უნდა გამოვეხმაუროთ. ვალდებული ვართ ანგარიში გავუწიოთ ხალხის აზრს და ჩვენი ფეხბურთელების სურვილს”.
პრემიერლიგის შეფები საკითხს ანტი-რასიზმის ჯგუფებთან Kick It Out-თან და „ვაჩვენოთ რასიზმს წითელი ბარათი”-სთან განიხილავენ. არის მოსაზრება, რომ თამაშის დაწყებამდე გუნდებმა რასიზმის საწინააღმდეგო პლაკატის წინ მუხლი მოიდრიკონ, რაც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის სიმბოლოა.
ითქვა, რომ კარგი იქნება თუ ასეთი დასაწყისის შემდეგ სლოგანი „შავი სიცოცხლეც ფასეულია” მატჩების მსვლელობისას, მოედნის კიდესთან, სარეკლამო დაფებზეც იტრიალებს.
Kick It Out-ის ლიდერ სანჯი ბჰინდერის მუხლის მოყრის იდეა მოსწონს. მან თქვა, რომ ასეთი პროტესტი კარგი სანახავი იქნება.
„მატჩის წინ ხელის ჩამორთმევა აკრძალულია და იქნებ ძველი რიტუალი ახალით შევცვალოთ” — თქვა მან.
პირველი თამაში, სადაც პრემიერლიგის მიერ დადგმულ საპროტესტო აქციას უნდა ველოდოთ, იქნება „შეფილდ იუნაიტედი” „ასტონ ვილას” წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ბირმინგემელთა ფეხბურთელი ტაირონ მინგსი ერთ-ერთ სახალხო-საპროტესტო აქციაზე დაინახეს და ფოტოც გადაუღეს.