„ჩელსი” ესპანელ თავდამსხმელ პედროს დრებით კონტრაქტს უმზადებს, რათა მან პრემიერლიგის განახლებულ ჩემპიონატში ითამაშოს. ძველ კონტრაქტს ყავლი ივნისის ბოლოს გაუდის, მაგრამ 32 წლის კანარელმა 9 თამაშით დარჩენაზე თანხმობა განაცხადა, რადგან იცის, რომ მისი გამოცდილება დასავლეთლონდონელებისთვის მნიშვნელოვანია.

თითქოს, ყველაფერი მოგვარებულია, ოღონდ მაინც არის შანსი, რომ პედრომ ახალ საბუთს ჯერჯერობით ხელი არ მოაწეროს. მიზეზი ბრაზილიელი თანაგუნდელისა და მეგობრის ვილიანის მხარდაჭერაა. „ლურჯებთან” ვილიანსაც 1 ივლისამდე აქვს ხელშეკრულება.

„ჩელსის” მავანი წევრი: „პედრო მზად არის დარჩენილ შეხვედრებში ითამაშოს. სეზონი რომ დამთავრდება, ის „სტემფორდ ბრიჯიდან” წავა, მაგრამ მანამდე სურს კლუბს, სადაც ხუთი წელიწადი გაატარა, კარგი საქმე გაუკეთოს. მეორე მხრივ კი პედროს არ უნდა დროებით კონტრაქტს მის დღეში მყოფ თანაგუნდელებზე ადრე მოაწეროს ხელი.

ვილიანის მდგომარეობა პედროს მდგომარეობისგან იმით განსხვავდება, რომ ბრაზილიელი მზად არის „ჩელსიში” ამ 9 თამაშის შემდეგაც დარჩეს, თუმცა რამდენი ხნით, აი, ეს დავის საგანია. ფეხბურთელს ახალი ხელშეკრულების დადება მეტი ხნით უნდა, ვიდრე კლუბს”.

ტიტულოვანმა პედრომ „ჩელსიში” მოპოვებულ პრემიერლიგის ჩემპიონის, ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელისა და ევროლიგის გამარჯვებულის ტიტულებს შესაძლოა ფეხბურთის ასოციაციის კიდევ ერთი თასი დაამატოს. „ჩელსი” მეოთხედფინალშია, სადაც „ლესტერს” ხვდება, ფინალი კი 1 აგვისტოს არის დანიშნული.

ამბობენ, რომ ესპანელი მხოლოდ თანაკლუბელების საკონტრაქტო მდგომარეობას არ აკვირდება. მისთვის თურმე მნიშვნელოვანია, როგორ გაგრძელდება მისი თანამემამულის დავიდ სილვას ურთიერთობა „მანჩესტერ სიტისთან”. სილვას კონტრაქტიც 30 ივნისამდეა ძალაში.

თუმცა, დავუბრუნდეთ „ჩელსის”. მოგეხსენებათ, „ლურჯებმა” ჰაკიმ ზიეჰი იყიდეს და „ლაიპციგიდან” ტიმო ვერნერის გადაბირების საქმეც ფაქტობრივად მოგვარებულია, მაგრამ ეს ორივე ფეხბურთელი ახალ გუნდში მომდევნო სეზონამდე ვერ ითამაშებს, ასე რომ „ჩელსის”, სავარაუდოდ, ჯერ ისევ პედროსა და ვილიანის დახმარება დასჭირდებათ.