სად გააგრძელებს კარიერას 28 წლის მარიო გიოტცე? — ეს არის კითხვა, რომელსაც გერმანიაში გულშემატკივარი ხშირად სვამს.
ერთი ფაქტია, სეზონი რომ დამთავრდება ის „დორტმუნდიდან” წავა, რაც მის ყოფილ მწვრთნელ იურგენ კლოპს არ უკვირს. „ლივერპულის” თავკაცმა „სქაი სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა:
„ყველამ კარგად იცოდა, რომ მარიოს კონტრაქტი ილეოდა. მისი „დორტმუნდში” დატოვება რომ სდომოდათ, თადარიგი ერთი წლის წინ უნდა დაეჭირათ და თუ ეს არ გაუკეთებიათ, ესე იგი გიოტცე კლუბიდან მიდის”.
კლოპი, რომელმაც გიოტცესთან ერთად 2011 და 2012 წლებში ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, განაგრძობს:
„ვფიქრობ, მარიოს სტაბილურობა სჭირდება. ის უნდა გადავიდეს კლუბში, სადაც იგრძნობს, რომ ყველა შეხვედრაში ახლებურად თამაში არ არის საჭირო. მან უნდა ითამაშოს ისე, როგორც ეხერხება და მერე ეს უნდა აკეთოს ყოველ მომდევნო მატჩში. თუ ასე მოხდება, ვფიქრობ, ისევ ვიხილავთ ძველ მარიოს. დღეს კი „დორტმუნდში” ეს გამორიცხულია, რადგან ამ გუნდს ძალიან ძლიერი თავდამსხმელები ჰყავს”.
ფაქტია ისიც, რომ გიოტცე „ლივერპულში” არ გადავა. კლოპი თავის ყოფილ პროტეჟეს ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ვერ მისცემს. მეტიც, ფეხბურთელი შეიძლება იმაზე უარეს დღეში აღმოჩნდეს, ვიდრე „დორტმუნდში” იყო.
ამიტომ, კლოპმა მას… ყველაფერი საუკეთესო უსურვა და ამით დაასრულა. როგორც ჩანს, სულ ესაა, რისი გაკეთებაც გიოტცესთვის ამ ეტაპზე შეუძლია.
„გულწრფელად რომ გითხრათ, კიდევ უფრო მეტ იღბალს ვეღარ ვუსურვებ. ის ძლიერი ხასიათის მქონე ძლიერი ფეხბურთელია, ამიტომ, მე მას წარმატებას ვუსურვებ”.