ლეო მესი თავის ბაღში დაბრუნდაო, წერს კატალონიური „სპორტი”. ქართველები უფრო ვიტყოდით, თავის სანახებშიო. ფაქტი კი ის არის, რომ „ბარსელონა” 91 დღის შემდეგ „კამპ ნოუზე” დაბრუნდა და ივარჯიშა.

სწორედ 91 დღის წინ მოუგო აქ „ბლაუგრანამ” „რეალ სოსიედადს” 1:0, შემდეგ კი ჩემპიონატი შეწყდა და ესპანეთი კორონავირუსის პანდემიამ ჩაითრია.

მესისთვის „კამპ ნოუზე” დაბრუნება განსაკუთრებით ემოციური გამოდგა. მან სოციალურ მედიაში დადო თავისი ფოტო და მიაწერა: „როგორ მენატრებოდი. ერთი სული მაქვს, კვლავ როდის ვითამაშებ აქ”.