პოლიციელებმა, რომლებიც „მანჩესტერ სიტის” 29 წლის ალჟირელი ფეხბურთელის რიად მაჰრეზის სახლის გაქურდვის საქმეს იძიებენ, განაცხადეს, რომ დამნაშავე დაიჭირეს. უფრო სწორედ, დააკავეს ეჭვმიტანილი, თორემ ვინ დამნაშავეა და ვინ არა, ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
მაჰრეზის სახლიდან წაიღეს 500 000 გირვანქის ქონება, საიდანაც 300 000 გირვანქისა მარტო საათები იყო.
ალჟირელი დარწმუნებულია, რომ მას ერთზე მეტი ბოროტმოქმედი უთვალთვალებდა და გაქურდვის გეგმას კარგა ხნის განმავლობაში ადგენდა. ქურდებმა, რომლებიც როგორც ინგლისური პრესის ცოტა ბუნდოვანი ტექსტებიდან ჩანს მაინც რამდენიმე იყვნენ (ხან ერთს წერენ, ხან რამდენიმეს), სულ ხუთი საცხოვრებელი „გაასუფთავეს” და, სავარაუდოდ, ეს ერთი პულტით მოახერხეს. პულტის დეაქტივაცია მეორე დღესვე მოხდა.
მართალია, გამოძიების დეტალები ჯერ არ გახმაურებულა, მაგრამ, როგორც ჩანს, დამნაშავეები (ყოველ შემთხვევაში ის ერთი) სათვალთვალო კამერებით ამოიცნეს. ისინი ქურდობის დაგეგმვის დროს ახლო-მახლოში ალბათ ბევრს ტორღიალებდნენ.
ცნობილი გახდა, რომ თავად მაჰრეზმა ვერავინ იცნო.
დაკავებული ქალაქიდან ვერ გავა, თორემ საკნიდან უკვე გაუშვეს.
ზემოთ ზარალიც ვახსენეთ. ფეხბურთელის სახლიდან წაიღეს 230 000 გირვანქად ღირებული „რიშარ მილის” ფირმის საათი, 40 ათასიანი „როლექს დაიტონა” და 35 ათასიანი „როლექს დეი-დეიტი”.
გარდა ამისა, ქურდებმა ფულად ხელს გააყოლეს 50 000 გირვანქა, წაიღეს „კარტიეს” სამაჯურები და კოლექციონერთათვის ფასეული ფეხბურთის მაისურები, რაც ჯამში 150 ათასს უტოლდება.
და კიდევ ერთი ინფორმაცია მანჩესტერული კრიმინალის შესახებ: „იუნაიტედის” ვეტერანმა, 49 წლის დევიდ მეიმ დაპოსტა სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ იპარავენ მის 45 ათასიან „აუდი S4″-ს. ქურდი სამია. მათ კაპიუშონები აქვთ წამოხურული.